ახალი ამბები

“ლელო” მთავრობას: 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის დეტალური ანგარიში გამოქვეყნდეს

13 აპრილი, 2020 • 1255
“ლელო” მთავრობას: 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის დეტალური ანგარიში გამოქვეყნდეს

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” მთავრობისგან მოითხოვს 21 აპრილამდე გამოქვეყნდეს საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დეტალური ანგარიში, მათ შორის- ფინანსური ინფორმაცია.

აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს გაერთიანების ლიდერებმა, ბადრი ჯაფარიძემ და დავით უსუფაშვილმა გააკეთეს. “ლელოში” აცხადებენ, რომ თუ მთავრობა ამ ვადაში აღნიშნული ინფორმაციას არ გამოაქვეყნებს, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მხარს არ დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებას.

ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას არ გააჩნია ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის გაწერილი გეგმა. ამ ფონზე კი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს:

“21 აპრილს იწურება გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ერთთვიანი ვადა და მთავრობას, პრეზიდენტს და პარლამენტს მისაღები აქვთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – გაგრძელდეს თუ არა ეს მდგომარეობა. საქართველოში უკიდურესად რთულია ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ქვეყანას ამ ვითარებაში სჭირდება ისეთი საგანგებო სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს კორონავირუსთან ეფექტურად ბრძოლას და, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოების ცხოვრების აქტიურად წარმართვას კორონავირუსთან ბრძოლის პირობებშიც”, – ამბობს დავით უსუფაშვილი.

მისი თქმით, გარდაუვალი ეკონომიკური და სოციალური პრობლემები კიდევ უფრო დაამძიმა საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში შემოღებული რეგულაციების, მისი შეფასებით, არაკვალიფიციურობამ და გაუაზრებლობამ.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობის ყველაზე უფრო გაჭირვებულ ნაწილს, რომლსაც არ გააჩნია დანაზოგი და ყოველდღიური შრომით მოიპოვებდა საარსებო საშუალებებს, სახელმწიფომ თითქმის ვერაფერი შესთავაზა:

“მთავრობას არ გააჩნია ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის გაწერილი გეგმა. დაუსაბუთებელთან ერთად, მიკერძოებულობის შთაბეჭდილებას ტოვებს ამა თუ იმ ბიზნესსაქმიანობისა თუ ბიზნესსტრუქტურებისადმი დიფერენცირებული შეზღუდვების გამოყენება. სერიოზულ სამართლებრივ პრობლემებს ქმნის საგანგებო მდგომარეობის დეკრეტის მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ხარვეზები. ამ ფონზე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს. იმედია, დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ საკითხის გადაწყვეტა მაინც მოხდება სათანადო კომპლექსური განსჯით”, – ამბობს დავით უსუფაშვილი.

ბადრი ჯაფარიძე კი ამბობს, რომ შთაბეჭდილება რჩება, ხელისუფლება ამ ვითარებაშიც ცდილობს კრიზისის საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენებას:

“ლელომ” და ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას. თუმცა, სულ უფრო მეტად რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ამ ვითარებაშიც კი ცდილობს კრიზისის საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენებას.

“ლელო საქართველოსთვის” ხელისუფლებისაგან მოითხოვს, 21 აპრილამდე გამოქვეყნდეს საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დეტალური ანგარიში, ფინანსური ინფორმაციის ჩათვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მხარს არ დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებას”, – ამბობს ჯაფარიძე.

პარტიის განცხადებით, საზოგადოებას სჭირდება ინფორმაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს:

    • ჯანდაცვის სამინისტროს ხედვას და ანალიზს პანდემიასთან დაკავშირებით და ამ სფეროს მზაობას სხვადასხვა სცენარით სიტუაციის განვითარების შემთხვევაში;
    • მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას პანდემიის და პოსტპანდემიურ პერიოდში;
    • ბიზნესის ფისკალური და მონეტარული სტიმულირების გეგმას და სამუშაო ადგილებზე დაბრუნების შესაძლო ვადებს/პირობებს;
    • სასურსათო უზრუნველყოფის და უსაფრთხოების კონკრეტულ ღონისძიებებს;
    • საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების სრულმასშტაბიან ხელშეწყობას;
    • ეროვნული ვალუტის დასტაბილურების მექანიზმებს;
    • სოციალური დახმარებების გეგმას ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფების დასახმარებლად, კრიზისის შედეგად
    • დაზარალებული ოჯახების აღრიცხვას და მათთვის კომუნალური და სასურსათო შეღავათების გაწევას;
    • განათლების სისტემაში არსებულ ვითარებას;
    • კომენდანტის საათის მიზანშეწონილობის მკაფიო დასაბუთებას;
    • რიგი შეზღუდვების და რეგულაციების ეფექტურობის და საჭიროების დასაბუთებას;
    • საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების კონკრეტულ გრაფიკს.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ნათელი, საჭიროა თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება და თუ ასეა, მაშინ, როგორი შეზღუდვებით და რა ვადით.

შესაბამისად, პარტიაში აცხადებენ, რომ მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” გადაწყვეტილებას, დაუჭიროს თუ არა მხარი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, ან მის შეწყვეტას.

მასალების გადაბეჭდვის წესი