ახალი ამბები

ტრამპმა ფაუჩის მოხსნის მოთხოვნა გააზიარა – „დროა, დაითხოვოთ“

13 აპრილი, 2020 • 1644
ტრამპმა ფაუჩის მოხსნის მოთხოვნა გააზიარა – „დროა, დაითხოვოთ“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერზე გააზიარა პოსტი, რომლითაც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის გადადგომას ითხოვენ.

როგორც „ნიუ-იორკ ტაიმზი“ (New-York Times) წერს, ამ ტვიტით ტრამპმა გამოხატა, რომ „იმედგაცრუებულია“.

ფაუჩიმ ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ აშშ-ს უფრო ადრე რომ მიეღო შესაბამისი ზომები, კორონავირუსი ნაკლებ ადამიანს შეიწირავდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში 22 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა Covid 19-ით.

პოსტი, რომელიც ტრამპმა გააზიარა, ეკუთვნის რესპუბლიკური პარტიის წევრ დიანა ლორეინს, რომელიც კონგრესის წევრობის ყოფილი კანდიდატია.

„ფაუჩი 29 თებერვალს ხალხს ეუბნებოდა, რომ არაფერი იყო სანერვიულო და Covid-19 დიდად არ უქმნიდა საფრთხეს აშშ-ს. დროა, რომ ფაუჩი დაითხოვონ“, – წერს იგი.

ტრამპა ეს პოსტი გააზიარა და დაწერა: „ვწუხვარ, ყალბი ახალი ამბების შემქმნელებო. ყველაფერი ჩაწერილია. ჩინეთთან მიმოსვლა იმაზე დიდი ხნით ადრე ავკრძალე, ვიდრე ხალხი [პანდემიაზე] საუბარს დაიწყებდა“.

ენტონი ფაუჩი დონალდ ტრამპს არაერთ საკითხში არ ეთანხმება, მათ შორის ვაქცინის დამზადების დროზე;

უთანხმოების კიდევ ერთი საკითხი მალარიის სამკურნალო პრეპარატი ჰიდროქსიქლორინია – პრეზიდენტმა გასცა რეკომენდაცია, კორონავირუსით ინფიცირებულებმა გამოიყენონ ეს პრეპარატი, რასაც ფაუჩი ასევე არ ეთანხმება, რადგან მისი ეფექტურობა Covid 19-ის წინააღმდეგ დადასტურებული არ არის. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა (CDC) ვებგვერდიდან წაშალა რეკომენდაცია  ამ წამლის გამოყენების შესახებ.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, მოქალაქეები ექიმ ფაუჩის უფრო ენდობიან, ვიდრე პრეზიდენტ ტრამპს.

მასალების გადაბეჭდვის წესი