რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მოუწოდებს მრევლს, აღდგომის დღესასწაულზე ტაძრებში არ წავიდნენ და სახლში დარჩნენ. ინფორმაცია ამის შესახებ „მედუზა“ პატრიარქ კირილესთან არსებული კორონავირუსის სამუშაო კომისიის ტელეგრამ-არხზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მონასტრების სასულიერო პირებს, მისი უწმინდესობის, პატრიარქის კურთხევით, ეძლევათ რეკომენდაცია, მოუწოდონ მრევლს ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნამდე სახლში ილოცონ. ეს მათ შორის ეხება აღდგომის დღესასწაულს“, — წერია განცხადებაში.
აქამდე, პატრიარქმა კირილემ მოუწოდა მორწმუნეებს, კორონავირუსის პანდემიის გამო ეკლესიებში არ მისულიყვნენ.
რუსეთში 10 აპრილის ღამის ოფიციალური მონაცემების თანახმად, დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 11 917 შემთხვევა. აქედან გარდაიცვალა 94 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 795.
