ახალი ამბები

ზოდელავა პროკურატურას დაშინების მცდელობაში ადანაშაულებს – როგორ პასუხობს პროკურატურა

11 აპრილი, 2020 • 1822
ზოდელავა პროკურატურას დაშინების მცდელობაში ადანაშაულებს – როგორ პასუხობს პროკურატურა

ნაციონალური მოძრაობის წევრი,  ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ 10 აპრილის  მას პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და ამით მისი დაშინება სურდათ და არა ინფორმაციის მოწოდება ძველ საქმეზე.

მისი თქმით, საუბარია   2007 წლის 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით გარკვეული საპროცესო ღონისძიების შესახებ,  განხორციელებულ ზარებზე, რომელიც ზოდელავას თქმით, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე პროკურატურამ ამოიღო. ნეტგაზეთის კითხვაზე როდის არის გაცემული მოსამართლის განჩინება, ზოდელავა პასუხობს, რომ გამომძიებლისთვის ეს არ უკითხავს, რადგან მიაჩნია, რომ პროკურატურის გააქტიურება პანდემიის პირობებში მის პოსტს უკავშირდება და რეალურად საგამოძიებო უწყებას მისი დაშინება სურდა.

“დღეს დამირეკა გენერალური პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელმა, რომ რაღაც საპროცესო შეთანხმება განახორციელა 2007 წლის 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით. მე მას ვკითხე ამ გაგანია პანდემიის დროს ვისგან მიიღო ეს დავალება, რადგან გამიჩნდა ეჭვი, რომ ემთხვევა დროში 100 მლნ ლარის გადარიცხვასთან დაკავშირებით ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას. გამომძიებლისგან საკმარისი განმარტებები ვერ მივიღე – მან მითხრა რომ ვალდებული იყო ეცნობებინა. შთაბეჭდილება დამრჩა მას დაავალეს, რომ მაცნობოს,  რომ რაღაც საქმე არის, რომელიც შესაძლოა ჩემთვის შემდგომ პრობლემა იყოს. ასე აღვიქვი მე.  საუბარია ჩემს მიერ მაშინ განხორციელებულ ზარებზე. როგორც ჩანს ეს ინფორმაცია ამოიღეს ფიჭური კომპანიებისგან. ეს იყო რაც მას უნდა ეცნობებინა. ჩემთვის გასაგები იყო ყველაფერი და შემიძლია შევეხმიანო [მისი ნომერი მაქვს], ანუ პროცედურულ რაღაც თვალთმაქცურ მოქმედებებში მონაწილეობა მივიღონ ან არა. ეს ჩემი არჩევანია. გამომძიებლისგან ეს ზარი ჩემთვის მტკიცებულებაა, რომ ის ეჭვები, რაც გაჟღერებულია ჩემს პოსტში სიმართლეს შეესაბამება. ეს ჩვეულებრივი საგამოძიებო პროცესი ვერ იქნება, რადგან ჩემს მიერ გამოთქმული პოზიცია იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოხდა, თანხების აკუმურირება “ფონდი ქართუს”ანგარიშზე, მაქვს კონკრეტული კითხვები ხომ არ არის ეს ის ფული, რასაც რკინიგზაში იპარავენ. ეს საკითხი როგორც ჩანს მნიშვნელოვანი აღმოჩნა “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის და ამაზე  რეაგირება იყო,”-ამბობს ის.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი საუბრობს მის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ფონდის” მიერ გადარიცხული 100 მლნ ლარი, სინამდვილეში ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულმა კომპანიამ “შეაგროვა”, რომელიც იმავდროულად ირიბად მონაწილეობს სარკინიგზო გადაზიდვებიდან ამოღებული თანხების მიმოქცევაში. “თუ ეს ასეა,  მაშინ ეს 100 მილიონი ხალხის საკუთრებაა და მასთან ივანიშვილს რა ხელი აქვს?,”-წერს ზოდელავა Facebook-ზე. როგორც ზოდელავამ ნეტგაზეთს უთხრა,  აპირებს უახლოეს პერიოდში ფონდი ქართუს წერილობით მიმართავენ,  რომ გაასაჯაროვონ იმ სუბიექტების სია, რომლებმაც 100 მლნ გადარიცხეს.

“მოვითხოვთ ამ ინფორმაციის გასაჯაროვებას, რადგან ეს მათივე ინტერესებში უნდა იყოს. თუ მართლები არიან,  გაასაჯაროვონ ეს ინფორმაცია. ვინ და რა ოდენობის თანხა შეიტანა ფონდში, რომ ეს 100 მლნ ლარი აკუმულირებულიყო. თუ არ გამოაქვეყნებენ ამ ინფორმაციას, შემდეგ შეგვიძლია პროკურატურას მივმართოთ და გამოძიება მოვითხოვოთ.”

ზოდელავას განცხადებას, რომ პროკურატურის მხრიდან მასთან დაკავშირება ივანიშვილის ქველმოქმედების ეჭქვეშ დაყენებას უკავშირდება, სიცრუეს უწოდებენ საქართველოს პროკურატურაში. როგორც უწყებაში “ნეტგაზეთს” უთხრეს ზოდელევას სატელეფონო ზარებზე ინფორმირება მოსამართლის მიერ 2019 წლის აპრილში გაცემული განჩინების საუძველზე მოხდა. ამასთან, აცხადებენ, რომ საქმე ეხება ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების, მათ შორის ,,ტელეკომპანია იმედის” დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.

“აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განჩინების საფუძველზე, შესაბამისი ოპერატორებიდან გამოთხოვილი იქნა მ.ზ.-ს კუთვნილი ტელეფონის ნომრის შემავალი და გამავალი ზარის შესახებ დეტალური ინფორმაცია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, ხსენებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისათვის შეტყობინების ბოლო ვადა, სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით განისაზღვრა 2020 წლის 11 აპრილი. შესაბამისად, მიმდინარე წლის 10 აპრილს, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა სატელეფონო კომუნიკაციით მ.ზ.-სშეატყობინა, რომ მის მიმართ 2018 წელს ჩატარებული იყო საგამოძიებო მოქმედება (მისი ტელეფონის ნომრის შემავალი და გამავალი ზარების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა შესაბამისი ოპერატორებიდან) და გამოთქვა მზადყოფნა მისთვის ეცნობინებინა ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის შინაარსი, ასევე გადაეცა მოსამართლის განჩინება და მასალა რომლის საფუძველზეც მოსამართლემ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. მ.ზ.-ს ასევე განემარტა დასახელებული განჩინების კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების უფლება,”-აცხადებენ პროკურატურაში.

მურთაზ ზოდელავას თქმით, მისითვის გასაგებია, რომ პროკურატურა მასთან დაკავშირებას პროცედურული საკითხებით ხსნის და ისევ მიიჩნევს, რომ მასთან დაკავშირება სახელმწიფო ფონდში გადარიცხულ 100 მლნ ლართან გამოთქმულ ეჭვებს უკავშირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი