ახალი ამბები

კორონავირუსის კვალი გამოჯანმრთელებულ ადამიანზე

10 აპრილი, 2020 • 4267
კორონავირუსის კვალი გამოჯანმრთელებულ ადამიანზე

ინფიცირებული პაციენტების ნაწილში კორონავირუსი დაავადების მიმდინარეობისას არაერთ გართულებას იწვევს, აზიანებს სასუნთქ სისტემას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სხვა ორგანოებს. ნეტგაზეთი დაინტერესდა, რა კვალს ტოვებს კორონავირუსი გამოჯანმრთელებული ადამიანების ორგანიზმში და უბრუნდებიან თუ არა ისინი ინფიცირებამდელ მდგომარეობას.

ამის შესახებ ჩვენ ვესაუბრეთ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ბოქსირებული განყოფილების ინფექციონისტს ალექსანდრე გოგინავას. სწორედ ინფექციურმა საავადმყფოომ მიიღო 2020 წლის თებერვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა პირველი ნაკადი. 10 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 230 პაციენტიდან 54 გამოჯანმრთელდა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი იყო.

ექიმი ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას თქმით, ამჟამად არსებული კვლევების თანახმად, ახალი ტიპის კორონავირუსი პაციენტებზე სამუდამო კვალს არ ტოვებს.

როგორც გოგინავამ ნეტგაზეთს უთხრა, იმ პაციენტების ორგანიზმში, რომლებთანაც ვირუსი მსუბუქი ფორმებით მიმდინარობს, გამოჯანმრთელების შემდეგ არავითარი კვალი არ რჩება, ხოლო იმ პაციენტებს, ვისაც ვირუსის მიმდინარეობისას პნევმონია გამოუვლინდებათ, გამოჯანმრთელების შემდეგ გარკვეულ შემთხვევებში რჩებათ ფილტვის ფიბროზი, რაც ქსოვილის მუშაობას აფერხებს, თუმცა ესეც დროებითია.

“ამ ეტაპზე გამოიკვითა, რომ პაციენტებს, რომელთაც ვირუსის მიმდინარეობისას გადატანილი აქვთ მძიმე პნევმონია, რჩებათ ფილტვის ფიბროზი, ანუ როდესაც ფილტვის ჯანმრთელი ქსოვილი, რომელიც სუნთქვაში მონაწილეობს, გარდაიქმნება შემაერთებელ ქსოვილოვან ნაწილად. ეს ნიშნავს, რომ ის უკვე აღარ არის გამოსადეგი და აღარ მონაწილეობს სუნთქვის პროცესებში.

თუმცა ბევრ პაციენტში ფიბროზი ნელ-ნელა თვითონ იწყებს ალაგებას, ანუ პაციენტებს ფიბროზის კვალი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ რჩებათ. განსაკუთრებით აქტიურად კი ეს პროცესი ჯანმრთელ, შედარებით ახალგაზრდა პაციენტებში დაავადებისას მიმდინარეობს. ფიბროზი, ზოგადად, პნევმონიას ახასიათებს და ეს არ არის მხოლოდ Covid-19-ის ბრალი”, – უთხრა ინფექციონისტმა ნეტგაზეთს.

რაც შეეხება ლაბორატორიულ მონაცემებს, როგორც ალექსანდრე გოგინავა ამბობს, გამოჯანმრთელების შემდეგ ყველა მონაცემი ეტაპობრივად უბრუნდება ნორმას.

“ჯერ არ გამოკვეთილა, რომ კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ რაიმე ლაბორატორიული მონაცემები, რაც იყო დარღვეული, ისევ ასე დარღვეულად დარჩენილიყოს”, – განმარტა გოგინავამ.

მისივე თქმით, იმ პაციენტების ორგანიზმში, რომლებიც საქართველოში ამ დრომდე გამოჯანმრთელდნენ, ვირუსმა კვალი არ დატოვა, მაგრამ მათ, რომლებმაც მძიმე პნევმონია გადაიტანეს, აღენიშნებათ მცირე ფიბროზული ცვლილებები, თუმცა ეს დინამიკაში კლებადია. გოგინავას განმარტებით, მძიმე დაავადება, რომელიც პაციენტების სიცოცხლის ხარისხს გააურესებდა, ამ დრომდე საქართველოში არცერთ პაციენტთან არ გამოვლენილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი