ახალი ამბები

საქართველოში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა

10 აპრილი, 2020 • 3066
საქართველოში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვები, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვას, გადაადგილების და სხვა ტიპის შეზღუდვებს მოიცავს, საქართველოში ჰაერის ხარისხზე აისახა.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ატომსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, ქვეყანაში ჰაერის ერთ-ერთი ძირითადი დამაბინძურებელი NO2 (აზოტის დიოქსიდი) თითქმის ერთი თვეა ყველაზე კარგ მაჩვენებელზეა და კლების ტენდენციას განაგრძობს. ეს მაშინ, როცა ანალოგიური მაჩვენებელი ზოგადად წლის განმავლობაში სულ რამდენიმე დღის მანძილზე ფიქსირდება ხოლმე.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ აზოტის დიოქსიდი ძირითადად საავტომობილო ტრანსპორტის გამობანოლქვის შედეგად იფრქვევა და მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა, 11 მარტიდან მისი კონცენტრაციის კლება საქართველოშიც თვალნათელია:

“ქვეყნის მასშტაბით მსხვილ ქალაქებში გვაქვს ავტომატური მონიტორინგის 8 სადგური. აბსოლუტურად ყველა სადგურზე გვაქვს ამ დამაბინძურებლის კონცენტრაციის დაღმავალი ტენდენცია, იკლებს ეს მავნე ნივთიერება ჩვენს ჰაერში. ეს ყველაზე კარგად ჩანს გზისპირა სადგურებზე, რომელიც დატვირთული საავტომობილო გზების გასწვრივ არის დამონტაჟებული.  მისი კონცენტრაცია ყველაზე დაბალ ინდექსზეა ჩამოსული. ეს მოხდა უკვე მარტის შუა რიცხვებიდან  და ძალიან კარგ მაჩვენებელს ინარჩუნებს. სამწუხაროდ, მანამდე ძალიან იშვიათად გვქონდა [ეს მონაცემი] ახლა კი ჩამოვიდა, რაც ერთი მხრივ, ძალიან გვახარებს, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ეს განაპირობა ამ მძიმე მდგომაროებამ, რაც მთელ მსოლფიოში ხდება”, – აღნიშნავს მეგრელიშვილი.

მაგალითისთვის, იხილეთ გრაფიკი, რომელიც თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე განთავსებული ავტომატური სადგურის მიერ ასახული დამაბინძურებლების კონცენტრაციას ასახავს დროის ხანგრძლივ პერიოდში. გრაფიკზე ჩანს, რომ 23 მარტიდან NO2-ის კონცენტრაცია (გრაფიკზე შავი ფერი) საგრძნობლად დაბალია წინა პერიოდის მონაცემზე.

 

მეგრელიშვილის თქმით, აღნიშნული ცხადყოფს, რომ ჰაერის დაბინძურების კუთხით, ტრანსპორტი არის მთავარი წყარო. მისი თქმით, ავტომატური სადგურების გარდა, ანალოგიური შედეგები ინდიკატორული გაზომვების დროსაც ფიქსირდება. კერძოდ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ამგვარი შემოწმებით წლის განმავლობაში ჰაერში NO2-ის კონცენტრაცია “ცუდი” ან “ძალიან ცუდი” იყო, ბოლო თვის განმავლობაში კი “ძალიან კარგზე” ჩამოვიდა:

“გარდა ავტომატური სადგურებისა, ჩვენ აზოტის დიოქსიდს ვზომავთ ინდიკატორული გაზომვებით, ესეც ევორპული მეთოდია. მაგალითისთვის, რუსთაველზე ოთხივე სეზონზე გვქონდა “წითელი ფერი”, რაც ნიშნავს, რომ ძალიან სეიროზული პორბლემაა ჰაერის დაბინძურების კუთხით და ეს მაჩვენებელი ჩამოვიდა წითლიდან “ძალიან კარგზე”, ანუ ცისფერ ინდექსზე, რაც თვალნათელი მაგალითია, რომ ტრანსპორტი არის დაბინძურების მთავარი წყარო” ,- ამბობს მეგრელიშვილი.

ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, პანდემიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სამომავლოდ ეკოლოგიურად უფრო სუფთა ტრანსპორტის წახალისებას.

რაც შეეხება კიდევ ერთ დამაბინძურებელს,  ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციას  (PM10 და Pm2.5), მეგრელიშვილი ამბობს, რომ ამ კუთხით ავტოტრანსპორტი დაბინძურების მთავარი წყარო არ ყოფილა, თუმცა გარკვეული გაუმჯობესება მაინც შეინიშნება:

“ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ PM-ის მთავარი წყარო ავტოტრანსპორტი არ არის, რა თქმა უნდა, ავტოტრანსპორტსაც შეაქავს თავისი წვლილი, მაგრამ ძირითადად ეს არის სამშენებლო სექტორი უმსხვილეს ქალაქებში, სამრეწველო ემისიები იმ ქალაქებსა და დასახლებებში, სადაც მსხვილი სამრეწველო ზონებია, მაგალითად, როგორიც რუსთავია. ასევე, შეშის მოხმარება.

ასევე ძალიან სერიოზული წყაროა ქვეყნის შიგნით ღია გრუნტი და უდაბნოს მტვერი, რომელიც საქართველოში ძალიან ხშირად შემოდის სხვადსხვა მხრიდან, ეს არის საჰარის უდაბნოს მტვერი, ასევე, არაბეთის ნახევარკუნძულის და შუააზიის უდაბნოების მტვერი. მყარი ნაწილაკების კუთხითაც გვაქვს მცირედი დადებითი ტენდენცია, მაგრამ არა ისეთი თვალნათელი, როგორც აზოტის დიოქსიდის შემთხვევაში”, – ამბობს მეგრელიშვილი.

მისი თქმით, ვინაიდან ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელი ტრანსსასაზღვრო დაბინძურებაა, მყარი ნაწილაკების ჰაერში კონცენტრაციაც ამის მიხედვით იცვლება. მაგალითისთვის მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ აპრილის დასაწყისში იყო მყარი ნაწილაკებით დაბინძურების პიკი, რასგანაც ამ პერიოდში საქართველოში სამხრეთ-დასავლეთ მხრიდან ტრანსსასაზღვრო დამაბინძურებელი შემოიჭრა:

“პანდეემის გამოცხადების შემდეგაც გვქონდა აღმასვლა კონცენტრაციის, რაც თვალნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენამდ მნიშვნელოვანია ეს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება და ასევე ის, რომ ავტოტრანსპორტი არ არის ამ დაბინძურების მთავარი წყარო, ამიტომ მნიშვნელოვანია, სამომავლოდ მეტი ყურადღება გავამახვილოთ სამშენებლო სექტორზე, სამრეწველო სექტორზე… მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ შეშის მოხმარება შევამციროთ და გადავიდეთ ალტერნატიულ, განახლებად ენერგიებზე” ,- ამბობს მეგრელიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი