დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში წარმოებული პირბადეები წვეთოვანი ინფექციებისგან კარგი დაცვის საშუალებაა და გარდა ამისა, ვიზუალიც არ აქვს ცუდი.
ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ პირბადეების გამოყენება ექიმებსაც შეუძლიათ, ოღონდ იმ დროს, როდესაც ინტუბაციას არ აკეთებენ, რა დროსაც იზრდება პაციენტის მიერ გამოყოფილი წვეთების აეროზოლიზაციის შანსი. ინტუბაციის პროცედურის დროს რეკომენდებულია N95 რესპირატორების გამოყენება, სხვა შემთხვევაში ქირურგიული პირბადეც მისაღებია.
“დემნა გვასალიამ შეიძლება ასეთი პირბადე გამოუშვას მერე, იმიტომ, რომ ასეთი რაღაცები მოსწონს ხოლმე… მე ვიზუალსაც ვერ ვუწუნებ, დღევანდელი თაობა ცოტა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობებით, რომლებიც არსებობს ბაზარზე და რომელიც იყო მსოფლიოში, რადგან დღეს ყველგან დეფიციტია. ამ პირბადეს აქვს ერთი მხრიდან ცხვირის ადგილას მონიშნული, ანუ ამას ვერ შეცვლი ისე, რომ არასწორად გაიკეთო. აქედან გამომდინარე, ეს აშკარად უფრო წინ გაგდგმული ნაბიჯია, ვიდრე ჩვეულებრივი. ეს არის ანა-ბანა, სანამ იქნებოდა ის ნიღბები, ჩვენ ყველანი, მათ შორის ჩემი სამსახური, რომელიც შავ ჭირზე და სხვა ინფექციებზე მუშაობდა, ვიყენებდით ასეთ პირბადეებს”, – განაცხადა იმნაძემ.
“ეს იცავს წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტურად. ეს [COvID_19] არის წვეთოვანი ინფექცია. ჩვენ ექიმებს ვურჩევთ იხმარონ რესპირატორული პირბადე მხოლოდ იმ დროს, როდესაც ისინი ახორციელებენ პაციენტებთან ინტუბაციას, ანუ სადაც აეროზოლიზაციის რისკი aრის მაღალი. დანარჩენ ყველა შემთხვევაში ეს ექიმმაც კი შეიძლება იხმაროს უპრობლემოდ, არათუ მოსახლეობამ”, – აღიშნა იმნაძემ.
საქართველოში წარმოებული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში 8 აპრილიდან იყიდება. დოლბანდებს სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა ფართო გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი ეჭვს გამოთქვამს, რომ პირბადეები არ არის კორონავირუსისგან კარგი დამცავი.