ახალი ამბები

პირველი მარნეულელი პაციენტი გამოჯანმრთელდა

10 აპრილი, 2020 • 808
პირველი მარნეულელი პაციენტი გამოჯანმრთელდა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის თქმით, მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან პირველი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც კლინიკაში მიყვანისას ძალიან მძიმე იყო არაერთი თანმხლები დაავადების გამო, გამოჯანმრთელებულია და დღეს, 10 აპრილს დატოვებს კლინიკას:

“ჩვენს კლინიკაში პირველი არათუ კრიტიკული, არამედ ტერმინალური პაციენტი შემოვიდა მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან. ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი, ის გამოჯანმრთელებულია და რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას”, – განაცხადა რატიანმა.

62 წლის მარნეულელი ქალი 18 მარტს მარნეულში, კლინიკა “ჯეო-ჰოსპიტალსში” მოხვდა, სადაც კორონავირუსზე ტესტირება 21 მარტს ჩაუტარდა და უკვე 22 მარტს COVID-19-ის დიაგნოზი დაუსვეს. იმ დრომდე კი, სანამ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდებოდა, მას კონტაქტი ჰქონდა ათეულობით ადამიანთან. საერთო ჯამში, მისი პირდაპირი და ირიბი კონტაქტების რაოდენობამ 1 700-ს მიაღწია, რაც აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკარანტინო ზონად გამოცხადების მიზეზი გახდა.

10 აპრილის 12 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 230 შემთხვევაა გამოვლენილი. 52 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა, დანარჩენები კი აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინის რეჟიმში 4 908 ადამიანია მოთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი