ახალი ამბები

ცაგერსა და ლენტეხში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო – შსს

10 აპრილი, 2020 • 1515
ცაგერსა და ლენტეხში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა, სადაც მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგიც ჩაუტარდებათ.

შსს-ს ცნობითვე, გამშვები პუნქტების მეშვეობით მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებზე მოქალაქეთა გადაადგილებასა და საგანგებო მდგომარეობის გამო მოქმედი წესების დაცვის მონიტორინგიც მოხდება.

“მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს. ასევე, მონიტორინგს გაუწევენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ,” – აცხადებენ უწყებაში.

გუშინ გიორგი გახარიას ჟურნალისტმა ლენტეხში დაფიქსირებულ COVID-19-ის შემთხვევაზე ჰკითხა და დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება აქაც სპეციალური ზომების მიღება.

“ჩვენ საბოლოოდ ტესტირებების შედეგებს ველოდებით ლენტეხის კლასტერიდან, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში რეგიონალური კლასტერების რაოდენობა იზრდება. შეიძლება, მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით წესების გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში”,-განაცხადა პრემიერმა.

10 აპრილის 11:30 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 230 შემთხვევაა გამოვლენილი. 52 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა, დანარჩენები კი აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინის რეჟიმში 4 908 ადამიანია მოთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი