ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არ არსებობს გარანტია, რომ ზუსტი მონაცემია – ციხელაშვილი აფხაზეთში Covid-ის 2 შემთხვევაზე

9 აპრილი, 2020 • 1174
არ არსებობს გარანტია, რომ ზუსტი მონაცემია – ციხელაშვილი აფხაზეთში Covid-ის 2 შემთხვევაზე

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ სხვადასხვა წყაროს თანახმად, აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების 2 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ ეს აბსოლუტურად ზუსტი მონაცემებია. მისი ცნობითვე, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთიდან 80-მდე პირი იმყოფება, მათ შორის ერთი -Covid-19-ით ინფიცირებული.

„დღევანდელი მდგომარეობით, სხვადასხვა წყაროთი, აფხაზეთის რეგიონში დადასტურებულია 2 შემთხვევა. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული პირები არიან, რამდენიმე პირი არის კარანტინში, გაგრაში. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კომენდანტის საათია გამოცხადებული“, – განაცხადა დღეს, 9 აპრილს, ქეთევან ციხელაშვილმა.

„ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ მონაცემებზე, ვერ გვექნება ასპროცენტიანი გარანტია, რომ ეს აბსოლუტურად ზუსტი მონაცემებია. იმიტომ, რომ ოკუპაციის მდგომარეობის გამო მათი ვერიფიკაცია არ ხდება, იგივე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ“, – თქვა სახელმწიფო მინისტრმა.

„თუმცა ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ, რა თქმა უნდა, საფრთხის დონე აწეულია ერთი საფეხურით, რამდენადაც, ჩვენი ინფორმაციით, ამ კონკრეტულ პირებს საკმაოდ ბევრი კონტაქტი ჰყავთ და ახლა აუცილებელია, რომ ადგილზე დროულად მოხერხდეს ამ კონტაქტების კვლევა, დროული იზოლირება, და შემდგომი გავრცელება შეკავდეს“, – განაცხადა მან.

ამასთან, ციხელაშვილის ცნობით, დღეის მდგომარეობთ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთიდან იმყოფება 80-მდე პირი, მათ შორის ერთი- COVID-19-ით ინფიცირებული. ასევე, „მასთან კონტაქტში მყოფი პირები, რომლებიც არიან საკარანტინო ზონაში, სხვა პირები, რომლებიც ასევე იმყოფებიან კარანტინში და სხვა სამედიცინო საჭიროების მქონე პირები, რომელთა ტრანსპორტირება ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა“.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ და აქვთ სურვილი, ჰქონდეთ წვდომა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რადგან ჩვენ არა მხოლოდ მზად ვართ, არამედ კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, ვეხმარებით მოსახლეობას მათთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის სერვისებით. რუხის კლინიკა ფაქტობრივად მზადყოფნაშია პირველ ეტაპზე, როგორც საკარანტინო სივრცე, და რამდენიმე დღეში- უკვე როგორც COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვის ერთ-ერთი მსხვილი ცენტრი რეგიონში“, — განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი