საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კოორნავირუსით შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება 9 აპრილის ტრაგედიას და ამბობს, რომ შექმნილი მდგომაროებიდან გამომდინარე დღეს მემორიალთან ვერ მივიდა. ასევე, არ დაესწრება სააღდგომო ლიტურგიას, რადგან მოსახლეობას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს.
“დღეს გაგვითენდა 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში. ბევრი ვერ მივიდა მემორიალთან. მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან დიდი ნაწილი საზოგადოების ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ამ დღეს ნაკლებად განვიცდით, რომ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება ან რამენიარად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი. ეს ყველაფერი ჩვენთან არის და შეიძლება კიდევაც, სახლში უფრო გავიაზროთ, რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისთვის”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, წელს პირველად იქნება შემთხვევა, როდესაც სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრება.
“3 დღეში ბზობაა, 10 დღეში კი, აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არცერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში. ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და საზოგადოებას დაუმორჩლებლობის რამე მაგალითს ვერ მისცემს. დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ; დარწმუნებული ვარ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ისაუბრა სოლიდარობის მნიშვნელობაზე კრიზისში და კრიზისის შემდგომ მოსალოდნელი ეკონომიკური და სოციალური სირთულეების თვალსაზრიზით. ასევე, გამოეხმაურა ზოგიერთი პოლიტიკური ძალის კრიტიკას, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელს.
“არ შემიძლია ერთი სიტყვა არ ვთქვა იმ არასერიოზულ, პასუხისმგებლობისგან მოკლებულ პოზიციებზე ზოგიერთი პოლიტიკური ძალებისგან…არც ვიცი, პოლიტიკური არიან ისინი თუ არა. არ შეიძლება ამ პერიოდის გამოყენება, ერთიანობის დარღვევა, ნიშნის მოგებით პოპულისტური განცხადებების გაკეთება და ამით ადამიანების შეცდომაში შეყვანა. ეს არღვევს სოლიდარობას, ერთიანობას, რითაც ჩვენ ხვალ გადავრჩებით”, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.