ახალი ამბები

საეკლესიო პირები, თავდაცვის ძალები და სხვა – ვის ჩაუტარდება სწრაფი ტესტები კორონავირუსზე

9 აპრილი, 2020 • 1013
საეკლესიო პირები, თავდაცვის ძალები და სხვა – ვის ჩაუტარდება სწრაფი ტესტები კორონავირუსზე

ჯანდაცვის სამინისტრომ თავის ვებსაიტზე კორონავირუსულ ინფექციაზე ტესტირების ალგორითმი გამოაქვეყნა.

სამინისტროს თანახმად, იმ ჯგუფებს შორის, რომლებსაც სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ, შედიან საეკლესიო პირები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

ამ დოკუმენტში საუბარია ანტისხეულებისა და ანტიგენების განმსაზღვრავ სწრაფ ტესტზე, რომელიც პასუხს 10-15 წუთში იძლევა, საკვლევი მასალა კი თითიდან აღებული კაპილარული სისხლის წვეთი შეიძლება იყოს. ამ ტესტის მგრძნობელობა, სამინისტროს თქმით, დაახლოებით 80-90%-ის ფარგლებში მერყეობს.

რაც შეეხება სუსტ მხარეებს, დოკუმენტში წერია, რომ არსებობს ცრუ შედეგის დიდი ალბათობა, რისი მიზეზიც, მათ შორის, ტესტის გვიან ან ნაადრევად ჩატარება შეიძლება იყოს.

დოკუმენტის თანახმად, ამ ტესტირებისთვის პრიორიტეტულია შემდეგი ჯგუფები:

  •  თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის განკუთვნილი 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ COVID-19-თვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები;
  • სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის (კარანტინი) განკუთვნილი 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ COVID-19-თვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები;
  •  სიმპტომური პაციენტები მაღალი რისკის ზონებიდან;
  • პირები სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან (კლასტერი = 2 ან მეტი ადამიანი სპეციფიკური სიმპტომებით).

ამასთანავე, დოკუმენტის თანახმად, პაციენტების მაღალი გამტარიანობის მქონე კლინიკებში უსიმპტომო მედპერსონალს ადგილზე უტარდება სწრაფი ტესტი ანტისხეულებზე.

ტესტირება ასევე ჩაუტარდებათ პაციენტებსაც, რომლებსაც აქვთ უცნობი წარმოშობის პნევმონიის დიაგნოზი და ამბულატორიულ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები და ცხელება, დისტანციურად გადიან ოჯახის ექიმის კონსულტაციას (სატელეფონო/ან სხვა) და დანიშნულების შემთხვევაში მიმართავენ შესაბამის კლინიკას, სადაც ჩაუტარდებათ ტესტირება.

„ამ ჯგუფში გაერთიანებულ პირებს ტესტირება უტარდებათ ე.წ. ცხელების კლინიკებში შესაბამისი რესურსის არსებობის შემთხვევაში პჯრ მეთოდით, სხვა შემთხვევაში, სწრაფი მარტივი მეთოდით ერთდროულად ანტისხეულებისა და ანტიგენის განმსაზღვრელი ტესტებით. საჭიროების შემთხვევაში კი, იგზავნება რეფერენს ლაბორატორიაში პჯრ მეთოდით კვლევისათვის“, – წერია დოკუმენტში.

სწრაფი ტესტირება ასევე ჩაუტარდებათ შემდეგი კატეგორიის ადამიანებს:

  • პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფები;
  •  ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მყოფები;
  •  თავდაცვის ძალები;
  •  სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებები;
  •  საეკლესიო პირები, მონასტრები და სხვა;

„უსიმპტომო პირებს უტარდებათ სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით, პარალელურად შესაძლებელია ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებაც. თუ ორგანიზებულ ჯგუფებთან მყოფ პირებს დაუდგინდება ინფექცია, ისინი განიხილებიან, როგორც სავარაუდო კონტაქტები და მიეცემათ თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი,“.


9 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსი 214 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. დანარჩენები აგრძელებენ მკურნალობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი