ახალი ამბები

პოლიციას ჭიათურაში მოქალაქეებზე არ უძალადია – გომელაური

9 აპრილი, 2020 • 1704
პოლიციას ჭიათურაში მოქალაქეებზე არ უძალადია – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური უარყოფს, რომ პოლიციამ ჭიათურაში მოქალაქეებზე იძალადა.

“გენერალურ ინსპექციას შევასწავლინე ეს თემა, არაფერი არ მომხდარა, თუმცა არსებობს ძალიან ბევრი სამსახური, მათ შორის, პროკურატურა, სახალხლო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, რომელთაც შეუძლიათ მიმართონ და გამოიძიონ, გამოიკვლიონ და დავსაჯოთ ეს ადამიანები. მაგრამ მე გეუბნებით, თამამად ვიძახი, რომ ეს არ მომხდარა”, – განაცხადა გომელაურმა.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, კომენდანტის საათის დროს ჭიათურაში პოლიციამ მოქალაქეებზე იძალადა. ტელეკომპანიის ცნობით, სამართალდამცველებმა ადგილობრივი სასულიერო პირის, მამა ამირან მოდებაძის ოჯახის წევრებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა ტელეკომპანია “მთავარ არხს” განუცხადა, პოლიციამ მასზე მაშინ იძალადა, როდესაც ის კომენდანტის საათის დროს გარეთ გავიდა, რა დროსაც პოლიციამ დაინახა და ჯარიმის გამოსაწერად განყოფილებაში გადასვლა სთხოვა, რაზეც მან უარი უთხრა. ამას კი პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა. მოქალაქე ძალადობაში ადანაშაულებს ჭიათურის პოლიციის უფროსსა და მის მოადგილეებს,

“უკვე მივყვებოდი პოლიციაში, რა დროსაც ეზოში ჩამოვიდა ბავშვი. მერე ბავშვებს გაეკიდნენ, ისინიც პროწიალით წამოიყვანეს, მერე მე გამიყვანეს ეზოდან და ეზოში რა მოხდა… უცემიათ, ჩხუბი იყო, ქალები დალურჯებულები არიან”, – განმარტა “მთავარ არხთან” საუბრისას შემთხვევის ერთ-ერთმა სავარაუდო მონაწილემ.

მამა ამირან მოდებაძემ “მთავარ არხს” დაუდასტურა, რომ მისი ოჯახის წევრებს პოლიციელებთან ინციდენტი ნამდვილად შეემთხვათ. როგორც სასულიერო პირი ამბობს, კომენდატის საათის დარღვევისთვის მან საკუთარი ოჯახის წევრებს უსაყვედურა. მისი ოჯახის წევრები, ჯამში, 18 ათასი ლარით დააჯარიმეს.

ჟურნალისტის კითხვაზე, გადაიხდის თუ არა სასულიერო პირის ოჯახი ჯარიმას, მამა ამირან მოდებაძე პასუხობს:

“მე არა, ჩემი ქალაქი გადაიხდის”.

გომელაურის თქმით, აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი უწყებები მოიკვლევენ, რომლის შინაარსიც მოგვიანებით გასაჯაროვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი