ახალი ამბები

„როდის დაბრუნდებიან ბავშვები სკოლაში?“ — ფაუჩის პასუხი

9 აპრილი, 2020 •
„როდის დაბრუნდებიან ბავშვები სკოლაში?“ — ფაუჩის პასუხი

ჟურნალისტის კითხვას, თუ როდის იქნება შესაძლებელი კორონავირუსის პანდემიის გამო გადადებული სასწავლო პროცესის გაგრძელება და როდის დაბრუნდებიან ბავშვები სკოლაში, აშშ-ის ალერგიული დაავადებებისა და ინფექციების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ უპასუხა.

„ჩემი შვილი სკოლის მასწავლებელია და სულ ამას მეკითხება. ამის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვუპასუხებთ [კორონავირუსის პანდემიას] და რა შედეგს მივიღებთ ან ვერ მივიღებთ. ვფიქრობ, ამას დიდი გავლენა ექნება  ზაფხულის ბანაკებზე.

იმედი მაქვს (და ისიც ვიცი, რომ ვერ ვიწინასწარმეტყველებ), რომ შემოდგომისთვის ეს [კორონავირუსის პანდემია] კონტროლის ქვეშ გვექნება და ვითარება არ იქნება ისეთი, როგორიც დღესაა.

ჩემი ოპტიმისტური მხარე მეუბნება, რომ [შემოდგომიდან სწავლის განახლებას] შევძლებთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, ყველაფერი განსხვავებული იქნება. ეს ყველაფერი არ გაქრება, უნდა შეგვეძლოს იმის კეთება, რის შესახებაც ამ ადგილას [თეთრი სახლის პრეს-ოთახში] ყოველდღე ვლაპარაკობთ — ვიპოვოთ, იზოლაციაში მოვაქციოთ, გავაკონტროლოთ.

გარდა ამისა, იმ დროისთვის გვექნება უკეთესი ინფორმაცია ანტისხეულების ტესტით, თუ რეალურად, რამდენად გავრცელდა ვირუსი საზოგადოებაში — რეალურად, რამდენი ადამაინი დაავადდა, ვინაა დაცული? თუ ანტისხეული გაქვთ, ე.ი. დიდი ალბათობით, მოსალოდნელია, რომ დაცული ხართ, ვინაა მოწყვლადი? როგორ მკურნალობთ მოწყვლადებს და დაცულებს? ეს ყველაფერი იქნება ფაქტორი იმაზე ფიქრისას, თუ რამდენად დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას პირველ ეტაპზე.

არანაირი სხვა პროგნოზის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ მგონია, კარგად ვიქნებით”, – განაცხადა ფაუჩიმ.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაწესდა მკაცრი ზომები და დაიხურა სკოლები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი