ახალი ამბები

FB-ში “სპუტნიკის” მასალების გავრცელების საეჭვო სქემა აღმოვაჩინეთ – ISFED

8 აპრილი, 2020 • 2266
FB-ში “სპუტნიკის” მასალების გავრცელების საეჭვო სქემა აღმოვაჩინეთ – ISFED

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) აცხადებს, რომ „ფეისბუქის“ ქართულ სივრცეში რუსული მედიასაშუალების, „სპუტნიკის“ მასალების კოორდინირებულად გავრცელების საეჭვო სქემა აღმოაჩინა.

„ფეისბუქის“ ღია წყაროებზე დაკვირვების შედეგად, ორგანიზაცია მივიდა დასკვნამდე, რომ „ფეისბუქის“ ყალბი პირადი ანგარიშები და გარკვეული თემატური ფეისბუქ-გვერდები „სპუტნიკის“ ვებ-გვერდზე განთავსებული მასალების გასავრცელებლად არაავთენტურ კოორდინირებულ სქემას ქმნიან. საუბარია “სპუტნიკთან” დაკავშირებულ 17 სავარაუდო არაავთენტურ ანგარიშზე, 11 ყალბ, შენიღბულ ფეისბუქ-გვერდზე და 41 საჯარო ფეისბუქ- ჯგუფზე, სადაც  „სპუტნიკის“ მასალები “საეჭვო ფორმებით ორგანიზებულად” ვრცელდება.

“ნიშანდობლივია, რომ ამ სქემით გავრცელებული კონტენტი, როგორც წესი, პოლიტიკური ხასიათის არ არის და ძირითადად პოზიტიური ან სკანდალური შინაარსით გამოირჩევა. აღნიშნული სქემით „სპუტნიკის“ მასალების გავრცელება, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს, „სპუტნიკის“ ვებ-გვერდზე ტრაფიკის გაზრდას. შესაძლოა, მიზანი იყოს ასევე, ვებ-გვერდის ვიზიტორების პირადი ციფრული ინფორმაციის შეგროვებაც”, – წერს ISFED.

ორგანიზაციის დაკვირვებით, ერთი და იმავე ყალბი ანგარიშების მიერ ქართულენოვან ფეისბუქ-გვერდებსა და ჯგუფებში ვრცელდება sputnik-georgia.com-ის სტატიები, ხოლო საქართველოს შესახებ შექმნილ რუსულენოვან ფეისბუქ-წყაროებზე  – sputnik-georgia.ru-ს მასალები. ბმულების გზით აღნიშნულ ვებ-გვერდებზე გადასვლის შემთხვევაში ვიზიტორი ხედავს სტატიებს, რომელიც შინაარსით პრორუსული და ანტიდასავლურია. მაგალითად, კორონავიურისის ეპიდემიისას იტალიაში მყოფი ემიგრანტის ფეისბუქ-სტატუსთან დაკავშირებული სტატიის კითხვისას, მკითხველი იღებს შეთავაზებას წაიკითხოს სტატია, რომელიც რუსეთის მიერ იტალიისთვის დახმარების აღმოჩენას ეხება. ბმული შეიცავს ვიდეოს, რომელიც ISFED-ის შეფასბეით, რუსული პროპაგანდის ნაწილს წარმოადგენს.

სამართლიანი არჩევნების ცნობით, იდენტიფიცირებულია „სპუტნიკის“ მასალების არაავთენტური გავრცელების ორი ტაქტიკა:

    1. ერთი სქემის მიხედვით, სპუტნიკის გასავრცელებლად გამოიყენება მრავალრიცხოვანი გამომწერების მქონე, ერთი შეხედვით „უწყინარი“ ფეისბუქ-გვერდები, რომლებზეც ძირითადად იპოსტება პოზიტიური ფოტოები ყვავილების, ბავშვების, ცხოველების ან ქალაქების გამოსახულებით და ამგვარ რამდენიმე პოსტს შემდგომ მოჰყვება „სპუტნიკის“ ლინკის სახით პოსტის გაზიარება. ამ ხერხით, „ფეისბუქ“ მომხმარებლისთვის „სპუტნიკის“ სტატიის ხილვა საეჭვო არ ხდება, თუმცა იგი გაუაზრებლად ხვდება რუსული საინფორმაციო ოპერაციის ქსელში.
    2. მეორე სქემის მიხედვით ყალბი პერსონალური ანგარიშები „ფეისბუქის“ დახურულ თუ ღია ჯგუფებში „სპუტნიკის“ სტატიებს შერჩევითად, ჯგუფის თემატიკის შესაბამისად ავრცელებენ. ეს ანგარიშები „სპუტნიკის“ ბმულებს, ერთმანეთის მონაცვლეობით, სხვადასხვა ჯგუფებში ისე პოსტავენ, რომ ჯგუფის წევრებისთვის, და შესაძლოა ადმინისტრატორებისთვისაც, კოორდინაციის ეს სქემა, შესაძლოა, შეუმჩნეველი რჩება.

“მსგავსი შეფარული სქემით „სპუტნიკის“ მასალების გავრცელება შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი იყოს, რადგან ამ სქემით შესაძლოა მომხმარებლები რუსული საინფორმაციო გავლენის სივრცეში გაუაზრებლად აღმოჩნდნენ. „სპუტნიკ-საქართველოს“ ვებ-გვერდზე გადასვლის შემთხვევაში ვიზიტორს ეძლევა სიახლეების გამოწერის შეთავაზება, რომელზე დათანხმების შემთხვევაშიც აპლიკაცია ითხოვს ვებ-ბრაუზერში შეტყობინებების ნებართვას, თუმცა მომხმარებლის შესახებ შეგროვებული ინფორმაციის დეტალები უცნობია. მსგავსი ხერხით მიღებული ნებართვა წარმოადგენს მომხმარებლის არაინფორმირებულ თანხმობას”, – ნათქვამია ISFED-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მის მიერ აღმოჩენილი „სპუტნიკთან“ დაკავშირებული პერსონალური ანგარიშებისა და გვერდების კოორდინირებული და არაავთენტური ქცევა არღვევს „ფეისბუქის“ პლატფორმის გამოყენების სავალდებულო სტანდარტების მე-20 პუნქტს, რომლის მიხედვითაც პლატფორმაზე აკრძალულია არაავთენტური ქმედება, კერძოდ, აკრძალულია ყალბი ანგარიშების მიერ კონტენტის რეიტინგის ხელოვნურად გაზრდა ან ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც მიმართულია „ფეისბუქის“ სავალდებულო სტანდარტების დარღვევისკენ.

“სამართლიანი არჩევნების” კვლევა სრულად შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი