ახალი ამბები

სად და როგორ უნდა აისახოს აფხაზეთის COVID-19-ის სტატისტიკა

8 აპრილი, 2020 • 2146
სად და როგორ უნდა აისახოს აფხაზეთის COVID-19-ის სტატისტიკა

7 აპრილს ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურეს. პაციენტი გაგრაში მცხოვრები 57 წლის კაცია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების თქმით, ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. 8 აპრილს დადასტურდა მეორე შემთხვევაც.

ანალიზებს აფხაზეთში ბაქტერიოლოგიურ რესპუბლიკურ ლაბორატორიაში აკეთებენ. ლაბორატორიაში სულ ორი თანამშრომელი იმყოფება, რომლებმაც სპეციალური კურსები სტავროპოლში გაიარეს, როგორც ამბობენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ. ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთში კორონავირუსის გამოსავლენად არსებული ტესტების რაოდენობა ჯერჯერობით მხოლოდ 400-მდე კვლევაზეა გათვლილი.

კორონავირუსის დაფიქსირების შესახებ დადასტურებული ცნობები არ არის ცხინვალის რეგიონში.

Covid-19-ის პანდემიის ფონზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული მოქალაქეა გადმოყვანილი. აფხაზეთიდან გადმოყვანილი პირველი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გალის სოფელ საბერიოს მკვიდრი 50 წლის ქალი იყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, “არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ენგურის რომელ მხარეს არის ინფიცირებული ადამიანი, ისინი ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი საზრუნავები არიან”.

stopgov.ge-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკა 8 აპრილის 20:00 საათის მონაცემებით

საქართველოს მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევების სტატისტიკა სამთავრობო ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ქვეყნდება და ასევე, ეგზავნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. ამ სტატისტიკაში მოიაზრება ყველა, ვისაც დღემდე კორონავირუსული ინფექცია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუდასტურდა, იქნება ეს გალიდან გადმოყვანილი პაციენტი თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეები (მაგალითად, ავსტრიის 2 მოქალაქე), რომელთაც კორონავირუსი საქართველოში დაუდასტურდათ და შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ. თუმცა გაურკვეველია, რა ბედი ელის უშუალოდ ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში – დადასტურებული შემთხვევების სტატისტიკას, აისახება თუ არა ისინი საქართველოს საერთო სტატისტიკაში და რა ფორმით? საქართველოს მთავრობაში და ჯანდაცვის სამინისტროში ამ კითხვაზე  ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ და ამბობენ, რომ ეს საკითხი უწყებებს შორის კონსულტაციებით ზუსტდება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზური მხარე თბილისს საკუთარ სტატისტიკას არ გაუზიარებს, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად. თუმცა ქართულმა მხარემ თუნდაც არაოფიციალური ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან საკუთარ სტატისტიკაში უნდა ასახოს.

“ეს ძალიან სპეციფიკური საკითხია და პოლიტიკური თვალსაზრისით მისი გადაწყვეტა ვერ წარმომიდგენია. აფხაზეთი არ აღიარებს საქართველოს იურისდიქციას და გამოვრიცხავ, თბილისს საკუთარი სტატისტიკა ოფიციალურად მიაწოდოს. თუმცა არ გამოვრიცხავ, არსებობდეს არაფორმალური პირობებით ინფორმაციის გადმოცემა თუნდაც იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენ მათ ვეხმარებით. ოსური მხარე საერთოდ ჩაკეტილია და არ თანამშრომლობს. ასევე, არსებობს ღია წყაროები, მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია. საქართველომ, რა თქმა უნდა, უნდა ასახოს (და ასეც მოხდება) ასეთი არაოფიციალური თუ ღია წყაროებით მოპოვებული ინფორმაცია საკუთარ სტატისტიკაში, ოღონდ დიფერენცირებულად მიუთითოს, რომ ეს არის ჩვენს ხელთ არსებული, მეტ-ნაკლებად სანდო ინფორმაცია და არა 100%-ით ზუსტი მონაცემები, რადგან ის არ არის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეგროვებული”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის თქმით, ვინაიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობა რაოდენობრივად დიდი არ არის, არ ფიქრობს, რომ არაფორმალური დაკვირვება დიდად განსხვავდებოდეს ფორმალური სტატისტიკისგან.

“როდესაც პანდემია დასრულდება, მსოფლიოს დასჭირდება მეტ-ნაკლებად ზუსტი სურათი კორონავირუსის გავრცელების შესახებ. ალბათ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა წარადგენს საბოლოდ ანგარიშს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, რომელშიც შესული იქნება ზუსტი მონაცემები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან და ასევე, დაუზუსტებული სტატისტიკა ოკუპირებული ტერიტორიებიდან”, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები თბილისზე უფრო მეტი სიზუსტით, რუსეთიდან მიიღებენ ინფორმაციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარების შესახებ, ვინაიდან იქ “რუსული რეალობა” მოქმედებს. გარდა ამისა, აფხაზეთში ორჯერ იმყოფებოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაცია, ცხინვალის რეგიონზე კი წვდომა წითელი ჯვრის ორგანიზაციას აქვს. შესაბამისად, ზაქარეიშვილის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები პირდაპირი გზითაც შეძლებენ სტატისტიკის შეგროვებას, რომელსაც თბილისი, ასევე, გამოიყენებს მათი გამოქვეყნების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი