ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას თქმით, დღეიდან სააფთიაქო ქსელებში შევა ქართული წარმოების დოლბანდის მრავალჯერადი პირბადეები.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, საწყის ეტაპზე საუბარია 400 000 პირბადეზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება 4 სააფთიაქო ქსელში: ავერსი, ფარმადეპო, პეესპე და ჯიპისი.
“ყველაზე გვიან, შაბათს, ამ აფთიაქებში შესაძლებელი იქნება ქართული წარმოების მრავალჯერადი პირბადის შეძენა”, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამკერვალო კომპანიები უფასოდ კერავენ, სახელმწიფოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ნედლეულის მობილიზება უწევს და თითო პირბადის შეკერვა 1 ლარზე მეტი უჯდება, მაგრამ სააფთიაქო ქსელებში პირბადეები სუბსიდირებულ ფასად – 50 თეთრად გაიყიდება.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, აფთიაქები შეთანხმებული არიან ლიმიტზე და თითო ადამიანი 3 პირბადის შეძენას შეძლებს. ამავდროულად, თურნავას განმარტებით: “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დამზადებული დოლბანდის პირბადის გარდა, სააფთიაქო ქსელებში სხვადასხვა ფასად კომერციული პირბადეებიც გაიყიდება.