ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალელი დეპუტატი: ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდება დატვირთვას

8 აპრილი, 2020 • 1506
ცხინვალელი დეპუტატი: ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდება დატვირთვას

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ოპოზიციური პარტია “ნიხასის” დეპუტატი დავით სანაკოევი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ასევე დე ფაქტო საგარეო მინისტრი იყო, ფეისბუკზე COVID-19-თან დაკავშირებით დე ფაქტო ხელისუფლებას აკრიტიკებს:

“სამხრეთ ოსეთში კორონავირუსთან ბრძოლამ უაზრო და მახინჯი ფორმები მიიღო. უკვე აბსოლუტურად გასაგები გახდა, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო მოსკოვიდან და სხვა ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანების თვითიზოლაციის რეჟიმის უზრუნველყოფა, რომ აღარაფერი ვთქვათ კარანტინზე. სახელმწიფო ვერ ასრულებს მთავარ ამოცანას – ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ყველას გვესმის, რომ თუკი ჩვენთან ვირუსი გავრცელდება, ჯანდაცვის სისტემა უბრალოდ ვერ გაუმკლავდება დატვირთვას.

თუმცა, რეალური ზომების ნაცვლად, ვხედავთ ყოველდღიურ დაუსრულებელ მთავრობის სხდომებს, იღებენ დადგენილებებს, აქტებს, რომელთა აღსრულებაც აღარ ხდება”.

აქვე, სანაკოევი საუბრობს თავად მოსახლეობის დაუდევრობაზეც, რომელიც არ იღებს პრევენციულ ზომებს.

“თუ ჩვენი სახელმწიფო ამდენად უძლურია და არაფრის გაკეთება შეუძლია, მაშინ სკოლებში და უნივერსიტეტშიც გააუქმონ კარანტინი, რადგან აღარც ამას აქვს აზრი მიმდინარე პირობებში”.

რაც შეეხება ვირუსთან ბრძოლის, როგორც სანაკოევი წერს, “მახინჯ ფორმას”, ის ამ საკითხთან დაკავშირებით ცხინვალელ ქირურგზე საუბრობს, რომელმაც ვირუსის წინააღმდეგ ექიმებისთვის სამედიცინო აღჭურვილობის არარსებობის გამო მორიგეობაზე უარი თქვა და ამით დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვის წყრომა და დათხოვნაზე მუქარა დაიმსახურა. 

“ხელისუფლების უიმედო არაპოპულარობისა და მმართველობის ღრმა კრიზისის მიუხედავად, მაინც არ მეგონა, რომ საქმე კატასტროფულად ცუდად გვაქვს.

არ მეგონა, რომ ხელისუფლება იმდენად დიდ პანიკაშია, რომ სპეციალისტის ლოგიკური მოთხოვნა მის ასე მძაფრ რეაქციას იწვევს. ეს არის რეაქცია იმ ადამიანებისა, რომლებმაც არ იციან, რა უნდა გააკეთონ.

ვალიევი პერსპექტიული ახალგაზრდა ექიმია, რომელმაც უნდა იმუშაოს და იმუშავებს კიდეც. სამხრეთ ოსეთში კი ისინი არ უნდა მუშაობდნენ, ვის გამოც საავადმყოფოში ელემენტარული პრეპარატები არ არის და ვის გამოც ვალიევმა და სხვა ექიმებმა საკუთარი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ უნდა დააყენონ. რესპუბლიკის ხელმძღვანელობაა ამაზე სრულად პასუხისმგებელი, რომელმაც დაგვანახა, რომ ამ რთულ დროს ადეკვატურად ვერ რეაგირებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი