ახალი ამბები

მოლაპარაკებები მიდის სხვადასხვა ტიპის ტესტის ჩამოტანაზე, რომელთა საერთო რაოდენობა 100 ათასს გადააჭარბებს – გამყრელიძე

7 აპრილი, 2020 •
მოლაპარაკებები მიდის სხვადასხვა ტიპის ტესტის ჩამოტანაზე, რომელთა საერთო რაოდენობა 100 ათასს გადააჭარბებს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ამ ეტაპზე კორონავირუსის ტესტების დეფიციტი არ შექმნილა და დიდი ალბათობით არც სამომავლოდ შეიქმნება. ამის შესახებ გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანა აქტიურად აწარმოებს მოლაპრაკებებს სხვადასხვა უცხოურ კომპანიასთან ტესტების შეძენასთან დაკავშირებით, რომელთა საერთო რაოდენობაც 100 ათას ტესტს გადააჭარბებს.

“ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანიამ, კერძოდ “ცეფეიდმა”, რომელთანაც ვმუშაობთ ცე ჰეპატიტსა და ტუბერკულიოზზე, რამდენიმე დღეა დაიწყო წარმოება ე.წ 45- წუთიანი, კარტრიჯებზე დამყარებული პისიარ ტექნოლოგიის, რომელთა მანქანებიც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს და ვიყენებთ ტუბერკულოზის და ცე ჰეპატიტის დიაგნოსტიკისთვის. ჩვენ განაცხადი გაკეთებული გვაქვს უკვე “ცეფეიდში”, ჩვენი მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს დიპლომატიური და სხვადასხვა არხებით, რომ “ცეფეიდმა” რაც შეიძლება სწრაფად მოგვაწოდოს ტესტები. დაზიანებულ ქვეყნებს ძალიან უნდათ ეს ტესტები და მათი დეფიციტია, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ საქართველომ ეს ტესტები მიიღოს.

ჩვენ შეკვეთილი გვაქვს 10 000 ტესტი, შემდგომ -კიდევ 10 000, შემდგომ- კიდევ 10 000. გეოგრაფიული ხელმისაწწვდომობა ძალიან გაიზრდება. დაახლოებით 45 ჯინექსპერტის მანქანა გვაქვს ქვეყანაში და უკვე დატრენინგებული ხალხი, ვისაც შეუძლია ეს ტესტები ჩაატაროს”, – განმარტა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ტესტების ჩამოსატანად კონტრაქტები გაფორმებულია სხვადასხვა კომპანიასთან, ასევე ჩინეთიდან ქვეყანამ მიიღო 2 000 ტესტი, რომელიც პასუხს საათნახევარში იძლევა. ასევე შეკვეთილია ათეულობით ათასი ანტისხეულზე და ანტიგენზე დამყარებული ტესტები, რომელიც, გამყრელიძის თქმით, 15-20 წუთში იძლევა პასუხს.

“რაც შეეხება ვის რამდენი ტესტი აქვს ჩატარებული, მედიაში იყო საუბარი, რომ საქართველო ბოლო ადგილზეა, არ არის ეს სწორი. ჯერ ერთი, ამ სახით შედარებითი ანალიზი არ არის სწორი და როდესაც ჩვენ ვედრებით გერმანიას ან გაერთიანებულ სამეფოს, ან ამერიკის შეერთებულ შტატებს, ან ჩვენ ირგვლივ მყოფ ზოგიერთ ქვეყანას, იქ რა შედეგებიც გამოქვეყნდა, არ არის ეს პისიარ ტექნოლოგიებზე დამყარებული. ანუ იქ ძირითადად ადამიანები გამოკვლეული არიან სწრაფი, ანტიგენზე ან უფრო ხშირად ანტისხეულებზე დამყარებული ტესტებით… მთავარია ჩვენთვის, რომ არ იყოს ადამიანი ქვეყანაში, ვისაც ჩვენი ალგორითმით ტესტის ჩატარება სჭირდება და მას ტესტი არ ჩაუტარდეს. აქამდე ასეთი არ ყოფილა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ასევე კერძო სექტორს მოუწოდა, იაქტიურონ ტესტების ჩამოტანაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი