ახალი ამბები

ვვარაუდობთ, რომ კვირის ბოლოს 350-400 დადასტურებული შემთხვევა იქნება – გამყრელიძე

7 აპრილი, 2020 • 962
ვვარაუდობთ, რომ კვირის ბოლოს 350-400 დადასტურებული შემთხვევა იქნება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, საერთო ჯამში, 350-დან 400-მდე გაიზრდება. ამის შესახებ გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ჩვენ ვვარაუდობდით, რომ გასული კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 დადასტურებული შემთხვევა და გვქონდა დაახლოებით 185 შემთხვევა. ვვარაუდობთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს 350-დან 400 შემთხვევამდე”,- განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, მოსალოდნელია, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში აღნიშნული რიცხვები გაორმაგდება.

7 აპრილის 23:20 საათის მონაცემებით ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 196 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, აქედან გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 3. ამ ეტაპზე ინფიცირებულად ითვლება 147 პაციენტი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 4 674, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 362 პირია მოთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი