ახალი ამბები

თბილისში 43 ადამიანი ჰაკერული თავდასხმისა და თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

22 სექტემბერი, 2015 • • 979
თბილისში 43 ადამიანი ჰაკერული თავდასხმისა და თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ფასდაკლებების ერთ-ერთ ვებ-საიტზე სხვადასხვა დროს შეიძინეს სხვადასხვა კატეგორიის მომსახურება და პროდუქცია. მათ გადახდის დროს, ფასდაკლებების ვებ-საიტის ელექტრონული საგადახდო დავალების ვებ-გვერდში ხელოვნური ჩარევის გზით, თანხის ველში უკანონოდ შეიტანეს ცვლილება და პროდუქციის რეალური ღირებულების ნაცვლად 0,01 თეთრი მიუთითეს, კომპიუტერული მონაცემების შეცვლის შედეგად, მიზერულ ფასად შეძენილ მომსახურეობას და პროდუქციას კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

 

გამოძიების ცნობით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად, ფასდაკლებების კომპანიამ დიდი ოდენობით – 95047 ლარის მატერიალური ზიანი მიიღო. ყველა ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, აცხადებს პოლიცია.

გამოძიება კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლის და თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის 1-ლი (ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით), 180-ე მუხლის 1-ლი (ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.), მე-2 (იგივე ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,  ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე) და მე-3 (იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით არაერთგზის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე) ნაწილებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი