ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა აფხაზეთში

7 აპრილი, 2020 • 1558
COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა აფხაზეთში

დღეს, 7 აპრილს, აფხაზეთში COVID-19-ით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურეს. პაციენტი გაგრაში მცხოვრები 57 წლის კაცია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების თქმით, ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია.

ოფიციალური ინფორმაციით, პაციენტი აფხაზეთში მოსკოვიდან ჩავიდა.

კორონავირუსის ნიშნებით ორ პაციენტს აფხაზეთში, გუდაუთის საავამდყოფოში გუშინდელი დღის შემდეგ იკვლევდნენ.

აფხაზური მხარის ცნობით, ამ დრომდე აფხაზეთში 86 პაციენტს ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსზე.

დღესდღეობით აფხაზეთში ტესტი უტარდება მხოლოდ მათ, ვისაც ინფექციის მკვეთრად გამოვლენილი სიმპტომები აქვს, თუმცა, თუ ტემპერატურა 39 გრადუსს ქვემოთ აქვს პაციენტს, მას ტესტს არ უკეთებენ. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა მაღალია, თუმცა არ აქვს ხველა, ტესტი ასევე არ კეთდება. იმისთვის, რომ პაციენტს ტესტი ჩაუტარდეს, კორონავირუსის რამდენიმე სიმპტომი უნდა ჰქონდეს.

ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთში კორონავირუსის გამოსავლენად არსებული ტესტების რაოდენობა ჯერჯერობით მხოლოდ 400-მდე კვლევაზეა გათვლილი.

ანალიზებს აფხაზეთში ბაქტერიოლოგიურ რესპუბლიკურ ლაბორატორიაში აკეთებენ. ლაბორატორიაში სულ ორი თანამშრომელი იმყოფება, რომლებმაც სპეციალური კურსები სტავროპოლში გაიარეს, როგორც ამბობენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ.

39°C -ზე ნაკლები ტემპერატურის დროს აფხაზეთში COVID-19-ზე ტესტს არ უტარებენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი