ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

39°C -ზე ნაკლები ტემპერატურის დროს აფხაზეთში COVID-19-ზე ტესტს არ უტარებენ

3 აპრილი, 2020 • 2003
39°C -ზე ნაკლები ტემპერატურის დროს აფხაზეთში COVID-19-ზე ტესტს არ უტარებენ

COVID-19-ზე დიაგნოსტიკას აფხაზეთში 21 მარტს შემოტანილი რუსული”ვექტორის” ტესტებით, PCR მეთოდით ატარებენ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტრის, ლუდმილა სკორიკის განცხადებით, ათი დღის განმავლობაში ტესტი დაახლოებით 50 ადამიანს ჩაუტარეს და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

“ამ ტესტებს ვენდობით, რადგანაც აქამდე ჯერ არ შემცდარა. ჩვენ ვაკვირდებით იმ ადამიანებს, რომელთაც გავუკეთეთ ტესტი, მათ შორის საკარანტინო სივრცეებში. ესენი არიან  სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ ამჟამად საქართველოში მყოფ პაციენტთან, რომელსაც COVID-19-ზე მკურნალობენ”.

დღესდღეობით, აფხაზეთში ტესტი უტარდება მხოლოდ მათ, ვისაც ინფექციის მკვეთრად გამოვლენილი სიმპტომები აქვს, თუმცა, თუ ტემპერატურა 39 გრადუსს ქვემოთ აქვს პაციენტს, მას ტესტს არ უკეთებენ. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა მაღალია, თუმცა არ აქვს ხველა, ტესტი ასევე არ კეთდება. იმისთვის, რომ პაციენტს ტესტი ჩაუტარდეს, კორონავირუსის რამდენიმე სიმპტომი უნდა ჰქონდეს.

ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთში კორონავირუსის გამოსავლენად არსებული ტესტების რაოდენობა ჯერჯერობით მხოლოდ 400-მდე კვლევაზეა გათვლილი.

ოფიციალური ცნობითვე, დე ფაქტო ხელისუფლებამ ტესტების უფრო დიდი რაოდენობა შეუკვეთა, თუმცა დღეს აფხაზეთში ვირუსთან ბრძოლის აქცენტი უფრო მეტად კარანტინზე და თვითიზოლაციაზე კეთდება.

ანალიზებს აფხაზეთში ბაქტერიოლოგიურ რესპუბლიკურ ლაბორატორიაში აკეთებენ. ლაბორატორიაში სულ ორი თანამშრომელი იმყოფება, რომლებმაც სპეციალური კურსები სტავროპოლში გაიარეს, როგორც ამბობენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ.

ლაბორატორია სოხუმში; ფოტო: ნეტგაზეთი

აქვე, ლუდმილა სკორიკი განმარტავს, რომ აფხაზეთში, ტესტების არსებული რაოდენობის გარდა, დამცავი კომბინიზონების ნაკლებობაცაა.

“ყოველდღე ლაბორანტებს ახალი კომბინიზონის ჩაცმა უწევთ. ასევე, ხელთათმანების, ნიღბების, ქუდებისა და სათვალეების გამოცვლა. იმის გამო, რომ ერთ დღესაც არ დავრჩეთ დაცვის გარეშე, სოხუმის “მოდის სახლს” მრავალჯერადი სპეციალური დამცავი კომბინიზონები შევუკვეთეთ”, – ამბობს სკორიკი.

თუმცა, დაცვის მექანიზმების მიუხედავად, როგორც სპეციალისტები ამბობენ, პირველივე დადებითი პასუხის შემდეგ ლაბორატორიიდან აღარ გავლენ.

“აქ, ლაბორატორიაში დავრჩებით, რადგან სახლში სამი შვილი და მშობლები მყავს, არ მინდა, მათი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დავაყენო”, – ამბობს ლაბორატორიის თანამშრომელი ელენა ჩირგინძია.

 

 

აფხაზეთის მთავარი სანიტარი, ლუდმილა სკორიკი

ტესტის კომპლექტი კორონავირუსის გამოსავლენად

 

მასალების გადაბეჭდვის წესი