ახალი ამბები

0 %-იანი ბიზნესსესხები – ხაზარაძის შეთავაზება მთავრობას და ბანკებს

7 აპრილი, 2020 • 1544
0 %-იანი ბიზნესსესხები – ხაზარაძის შეთავაზება მთავრობას და ბანკებს

“ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მთავრობასა და კომერციულ ბანკებს 0%-იანი სესხების გაცემის ინიციატივით მიმართავს.

ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ამით ბანკები მცირე და საშუალო ბიზნესს პენდემიის პერიოდში გაჩერებული ეკონომიკის პირობებში გადარჩენის საშუალებას მისცემენ. ხაზარაძის გეგმით უნდა შეიქმნას 3 მილიარდი ლარის საგარანტიო ფონდი, რომელიც ბიზნესის დაკრედიტებას უზრუნველყოფს. ამასთან, ხაზარაძე მთავრობის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკის სტიმულირების გეგმასაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ამ დრომდე სახელმწიფოს “არ წარმოუდგენია გამართული ანტიკრიზისული გეგმა და ეკონომიკური ზარალის მიახლოებითი შეფასება მაინც”.

“ლელოს” დამფუძნებლის თქმითვე, კითხვებზე, მაგალითად, რამდენი ადამიანი რჩება უმუშევარი, რა ფინანსური ინექცია იქნება საჭირო ეკონომიკის ხელახლა ასამუშავებლად, ლარის კურსის სტაბილურობა როგორ შენარჩუნდება და სხვა საკითხები, რაზეც მთავრობას არ უპასუხია.

“ჩვენ მიერ წარმოდგენილი 6 – მლრდ ლარის მოცულობის ფინანსური ანტიკრიზისული გეგმა ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად შევქმენით  და ჩვენი რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია 3 მლრდ ლარის საგარანტიო ინსტრუმენტის შექმნა. ამ გარანტიის საფუძველზე ბანკებმა უნდა დაიწყონ ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება იმ პირობით, რომ ისინი სამუშაო ადგილებს შეუნარჩუნებენ თავიანთ თანამშრომლებს. ამ ფინანსური მექანიზმით გადავარჩენთ ბიზნესს და მასში დასაქმებულ ადამიანებს სამუშაოს დაკარგვისგან.

უნდა ვივარაუდოთ, რომ პანდემიის კლება მოხდება უახლოეს ორ თვეში, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს მივცეთ გადარჩენის და ხელახლა ამოქმედებისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსი”,-აცხადებს ხაზარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი