ნეტგაზეთი | “საქმიანობის უფლების მინიჭება გზშ-ს გარეშეც შეგვიძლია, რასაც არ ვაკეთებთ” – დავითაშვილი NGO-ებს “საქმიანობის უფლების მინიჭება გზშ-ს გარეშეც შეგვიძლია, რასაც არ ვაკეთებთ” – დავითაშვილი NGO-ებს – Netgazeti

“საქმიანობის უფლების მინიჭება გზშ-ს გარეშეც შეგვიძლია, რასაც არ ვაკეთებთ” – დავითაშვილი NGO-ებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უპასუხისმგებლოს უწოდებს “საიას” და “მწვანე ალტერნატივის” განცხადებას, რომელშიც ორგანიზაციები მთავრობას მოუწოდებენ, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეაჩეროს პროექტებზე მიმდინარე გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.

მინისტრის თქმით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში სამინისტროს კანონმდებლობით შეუძლია გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშეც მიანიჭოს კომპანიებს ამა თუ იმ საქმიანობის უფლება. თუმცა, დავითაშვილის თქმით, უწყებამ ეს გზა არ აირჩია და საჯარო განხილვები, რომლებიც ქვეყანაში მოქმედი მდგომარეობის გამო ვერ ტარდება, სანაცვლოდ გადაიტანა ონლაინ რეჟიმში:

” ეს განცხადება არის ყოვლად უპასუხისმგებლო, მით უმეტეს, მაშინ, როცა ჩვენ ვართ საგანგებო მდგომარეობაში და საგანგებო მდგომარეობის წესები, ეს მოთხოვნები საზოგადოებრივი თავშეყრის შესახებ გულისხმობს ახლებურ მიდგომებს და უკავშირდება, დიდწილად, დისტანციური კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებას, ვიდეოკონფერენციების, ელექტრონული საშუალებების და ა.შ.

გარემოს ზემოქმედების შეფასების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში მთავრობის დისკრეციას, რომლის შემთხვევაშიც, მთავრობას გარემოზე მოქმედების შეფასების გარეშეც შეუძლია ამა თუ იმ საქმიანობას მიანიჭოს კონკრეტული საქმიანობის უფლება, მაგრამ ჩვენ ყოვლად ვემიჯნებით ამას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანაი საზოგადოების ჯანმრთელობა გარემოზე ზეოქმედების შეფასების პროცესში” , – ამბობს დავითაშვილი.

მინისტრის თქმით, პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე იტვირთება, მოქალაქეებს კი კითხვების გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეუძლიათ:

“თითოეული მოქალაქის მოსაზრების გააზრება და მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ კომუნიკაციის ახლებურ საშუალებებს, მოსახლეობის ჩართულობა ამ პროცესში არის ყოვლად უზრუნველყოფილი. პირიქით, ჩვენ დეტალური პრეზენტაციების განთავსებას ვახერხებთ ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე ისე, რომ ძალიან დეტალური ინფორმაციაა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ასევე, მათ აქვთ საშუალება დასვან კითხვები, გამოგზავნონ იმეილზე და მიიღონ პასუხი” ,- ამბობს დავითაშვილი.

NGO-ები: საგანგებოს დასრულებამდე შეწყვიტეთ პრობლემური პროექტების განხილვა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.