ახალი ამბები

რატომ არ დაესწრო ილია II სამებაში წირვას

7 აპრილი, 2020 • 2229
რატომ არ დაესწრო ილია II სამებაში წირვას

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სამებაში წირვას არ დასწრებია.

პატრიარქი სამებაში საკვირაო წირვაზეც არ ყოფილა, რის შემდეგად საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, ამას განსაკუთრებული მიზეზი არ აქვს და ხარებას ტაძარში იქნებიან პატრიარქიც და მეუფე შიოც.

თუმცა ხარების სადღესასწაულო ღვთისმსახურებას სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა აღავლინა.

პატრიარქის მკურნალმა ექიმმა ცისანა შარტავამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ პატრიარქს წნევა ჰქონდა, რის გამოც ექიმებმა საპატრიარქოში დარჩენა ურჩიეს და ამ ფაქტს არაფერი აქვს საერთო კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან.

“მისი უწმინდესობა დილის 7 საათზე დაესწრო წირვას საპატრიარქოში. ოდნავ მაღალი წნევა ჰქონდა, წინ ეკლესიური მსახურების დატვირთული დღეებია და ამიტომ ვთხოვეთ უმორჩილესად, საპატრიარქოში დასწრებოდა [წირვას]. გუშინ ბრძანდებოდა ლოცვაზე”, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი