ახალი ამბები

ექთნების და უმცროსი სამედიცინო პერსონალის პატივსაცემად ვირტუალური გამოფენა მოეწყობა – გამყრელიძე

7 აპრილი, 2020 • 1189
ექთნების და უმცროსი სამედიცინო პერსონალის პატივსაცემად ვირტუალური გამოფენა მოეწყობა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს ცენტრში ვირტუალური გამოფენა მოეწყობა, რომელიც ექთნებსა და უმცროს სამედიცინო პერსონალს ეძღვნება.

გამყრელიძემ განმარტა, რომ დღეს, 7 აპრილს მსოფლიოში აღნიშნავენ ჯანდაცვის მსოფლიო დღეს.

„დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შევცვალეთ ტრადიცია და გადავწყვიტეთ, ვირტუალური გამოფენა მოგვეწყო, რომლის თემას Covid 19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალია.

სხვადასხვა სურათებითა და კოლაჟებით გვინდა მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, ვინც ამ რთულ ბრძოლაში არიან, განსაკუთრებული დამსახურება კი ექთნებსა და უმცროს სამედიცინო პერსონალს მიუძღვით“, – ამბობს გამყრელიძე.

საქართველოში 6 აპრილის დილის მონაცემებით კორონავირუსის 195 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 39, 2 კი გარდაიცვალა.

ეს მონაცემი ნიშნავს, რომ ქვეყანაში 154 აქტიური პაციენტია, ანუ ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და ვინც ახლა Covid 19-გან მკურნალობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი