ახალი ამბები

წინასწარ არ გვითხრეს, რომ „მატროსოვი“ იხურებოდა – ომბუდსმენის მოადგილე

6 აპრილი, 2020 • 1565
წინასწარ არ გვითხრეს, რომ „მატროსოვი“ იხურებოდა – ომბუდსმენის მოადგილე

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ აპარატმა ციხის დახურვის შესახებ წინასწარ არ იცოდა. თუმცა მანამდე, როცა ციხეები იხურებოდა, ინფორმაციას ამის შესახებ ომბუდსმენს წინასწარ აწვდიდნენ.

ე.წ „მატროსოვის ციხის“ დახურვის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის შესახებაც 5 აპრილს გახდა ცნობილი, მთავარი მიზეზად მოძველებულ შენობას ასახელებენ.

აღნიშნულ დაწესებულებაში უკვე იმყოფებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები და სიტუაციას გაეცნენ.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში ომბუდსმენის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ამბობს, ე.წ. „მატროსოვის ციხე“ მართლაც ძველი იყო, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის დახურვას აპირებდნენ, სახალხო დამცველის აპარატს არ მიუღია.

„ზოგადად, მე-9 დაწესებულება მართლაც ძველი იყო, შეცვლასთან დაკავშირებით მიდიოდა მსჯელობა. ჩვენთვის ეს ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ამ ციხის დახურვა, არ ყოფილა ცნობილი.  აქამდე რა პრაქტიკაც გვქონდა, ციხის დახურვამდე ჩვენ ყოველთვის წინასწარ გვეცნობებოდა ხოლმე.

პენიტენციურ სამსახურს, ბუნებრივია, ამის სამართლებრივი ვალდებულება არ აქვს, მაგრამ აქამდე ასეთი პრაქტიკა არსებობდა. ამ შემთხვევაში ჩვენთვის [ციხის დახურვის შესახებ] ინფორმაცია წინასწარ მოწოდებული არ ყოფილა“, — აღნიშნავს იგი.

ბურჯანაცის განცხადებით, რეაგირებას ადგილი ჰქონდა ინფორმაციის გავრცელების დღესვე:

„იმ დღესვე მოვახდინეთ რეაგირება, ვიყავით ადგილზე. ვიყავით მე-11 დაწესებულებაში, სადაც არცერთი პატიმარი არ დაგხვდა, ვიყავით მე-12 დაწესებულებაში, სადაც რამდენიმე პატიმარი დაგვხვდა. ადგილზე დღესაც ვიყავით და რამდენიმე პატიმარი მოვინახულეთ“.

ბურჯანაძის თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები გადაყვანილ პატიმრებს ესაუბრნენ, რომელთა განცხადებითაც, სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას რაიმე ხარვეზს ან პრობლემას ადგილი არ ჰქონია.

გარდა ამისა, ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ პატიმრების გადაყვანა კარანტინის დროს უფრო საფრთხილოა, თუმცა მსჯავრდებულებს, რომლებსაც სახალხო დამცველის წარმომადგენლები ესაუბრნენ, ე.წ „მატროსოვის ციხის“ დახურვის შესახებ ინფორმაცია 2-3 კვირით ადრე ჰქონდათ.

„ბუნებრივია, კარანტინის დროს უფრო საფრთხილოა <…> და ბუნებრივია, ყველა გასვლას გარკვეული საფრთხე და რისკი აქვს, მაგრამ ამ კუთხითაც პატიმრებს რაიმე პრობლემა ან ხარვეზი არ დაუფიქსირებიათ. როგორც ჩვენ გავიგეთ, სხვადასხვა შემთხვევებში პატიმრების ინფორმირება 1, 2 ან სამი კვირით ადრე განხორციელდა და მათ ჰქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია და, როგორც ისინი აღნიშნავენ, ნორმალურ პროცესში მოხდა გადაყვანის პროცესი“.


ამავე თემაზე გირჩევთ:

ე.წ. მატროსოვის ციხე უქმდება

მაღალჩინოსნებისთვის აღარ იარსებებს სპეციალური პენიტენციური დაწესებულება – წულუკიანი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი