ახალი ამბები

მაღალჩინოსნებისთვის აღარ იარსებებს სპეციალური პენიტენციური დაწესებულება – წულუკიანი

6 აპრილი, 2020 •
მაღალჩინოსნებისთვის აღარ იარსებებს სპეციალური პენიტენციური დაწესებულება – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება.

ეს განცხადება მან 6 აპრილს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მინისტრს ჰკითხეს ე.წ. მატროსოვის ციხის დახურვის მიზეზების შესახებ:

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში ეს [#9] დაწესებულება შეუერთდება #12 დაწესებულებას და საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება. ჩვენ ვთვლით, რომ ყოფილი საჯარო მოხელე  თუ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე პირი, რომელი ჩინის და რა რანგის მოხელეც არ უნდა იყოს ის,  იქნებიან ერთი და იმავე დაწესებულებაში და პოლიტიკოსებისა თუ მაღალჩინოსნებისთვის ცალკე დაწესებულება პირველი მაისიდან უკვე აღარ იარსებებს. ყველა ყოფილი საჯარო მოხელე იქნება განთავსებული #12 დაწესებულებაში, რომლის ნაწილიც ყოფილი მატროსოვის ციხე გახდება”, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საპატიმროში არსებული მოძველებული ინფრასტრუქტურაა:

“ე.წ. მატროსოვის ციხე, #9 პენიტენციური დაწესებულება და მისი შენობა არის ძალიან მოძველებული, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში და ამას, პირველ რიგში ,თავად პატიმრები იტყვიან, ან ისინი, ვინც ამ ციხეში ერთხელ მაინც ყოფილა თუნდაც ადვოკატის სტატუსით შესული. ჩვენ შარშან უკვე დავგეგმეთ ამ ციხის ლიკვიდაციის პროცესი, როგორც მოძველებული ინფრასტრუქტურის. სწორედ პატირმების ინტერესიდან და ადამიანის უფლებების პრიორიტეტიდან გამომდინარე, რუსთავში, #12 და #16 პენიტეციური დაწესებულებების ტერიტორიაზე რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა შესაბამის კორპუსს, რომელიც არის თანამედროვე სტანდარტის და გაცილებით უკეთესი, შედარებაც კი არ შეიძლება #9 დაწესებულებასთან”, – განმარტა წულუკიანმა.

წულუკიანის განცხადებით “მატროსოვის ციხის” გაუქმების პროცესი უკვე დაწყებულია და მსჯავრდებულები და ბრალდებულები ეტაპობრივად გადაჰყავთ #12 და #16 დაწესებულებებში. გარდა ამისა, წულუკიანის თქმით, გამოცემულია იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც მარტის ბოლოს 39 დაწესებუელების ლიკვიდაცია უნდა მომხდარიყო, ეს პროცესი კი პირველ მაისს უნდა დასრულდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი