ახალი ამბები

ყველაფერი, რაც გაინტერესებდათ კორონავირუსის შესახებ- ჰოპკინსის ინფექციონისტის პასუხები

7 აპრილი, 2020 • 19446
ყველაფერი, რაც გაინტერესებდათ კორონავირუსის შესახებ- ჰოპკინსის ინფექციონისტის პასუხები

მამუკა მაჩაიძემ, ექიმმა-ინფექციონისტმა, რომელიც ჯონ ჰოფკინსის უნივერსიტეტში (აშშ) მუშაობს, კორონავირუსთან დასმულ  კითხვებს ონლაინ-ჩართვაში უპასუხა .  ჩათის ორგანიზატორი აშშ-ში საქართველოს საკონსულო იყო და  მოქალაქეები უსვამდენენ სხვადასხვა კითხვას – არის თუ არა COVID-19-ის რამე ახალი სიმპტომი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ინფიცირებიდან რამდენ ხანში არის ადამიანი თავად ვირუსის გამავრცელებელი — ინკუბაციურ პერიოდშიც, თუ კლინიკური ფაზიდან? და ა.შ. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ ამ ჩართვის სრულ, ტექსტურ ვერსიას.


არის თუ არა COVID-19-ის რამე ახალი სიმპტომი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

სიხშირით დავალაგებ — სამი ყველაზე ხშირი სიმპტომი არის ცხელება, შემდეგ- ხველა, შემდეგ- ზოგადი სისუსტე და კუნთების და სახსრების ტკივილი. ჯერჯერობით ეს სამია სტატიტისტიკურად ყველაზე ხშირი სიმპტომი.

მაგრამ მინდა რომ კიდევ ერთ სიმპტომზე გავამახვილო ყურადღება, რომლის შესახებაც უკვე ბევრი ლაპარაკობს — ეს არის ე.წ. ანოსმია ან ჰიპოსმია, ანუ ყნოსვის დაქვეითება ან დაკარგვა. არსებობს ასეთი ორგანიზაცია, UK ENT — ბრიტანეთიდან წამოვიდა პირველი ცნობა ამის შესახებ და მათ თქვეს, რომ პაციენტთა დაახლოებით  35 პროცენტისთვის, რომელთაც ყნოსვის დაკარგვა ან დაქვეითება აღენიშნებოდათ, ეს იყო ან ერთადერთი, ან წამყვანი სიმპტომი სხვა COVID-19-ის სიმპტომებთან ერთად. ამიტომ ასევე ამას მიაქციეთ ყურადღება.

მადა: რადგანაც ვირუსი აზიანებს ყნოსვის ბოლქვებს, ამას თან მოსდევს მადის დაქვეითებაც. ანუ, ყნოსვასთან ერთად ქვეითდება მადაც. შესაბამისად, ეს არის მეოთხე სიმპტომი იმ სამ ძირითადთან ერთად, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებდი. თუ მედპერსონალი მიყურებს, ჩემს კითხვარში შევიტანე და პრაქტიკულად ყველა პაციენტს ვეკითხები ამის შესახებ სხვა სიმპტომებთან ერთად.

სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, არის იშვიათი შემთხვევები, ე.წ „აუთლაიერები“, როცა არის არაორდინალური სიმპტომები- მაგალითად, ფაღარათი ერთვის ამ ყველაფერს, თავის ტკივილი და იშვიათად სხვადასხვა გამოვლინებები.

სიმპტომებთან დაკავშირებით მინდოდა ჰიპოსმიაზე და ანოსმიაზე ყურადღების გამახვილება.

საშუალოდ რამდენ ხანს გრძელდება დაავადება და როდის ითვლება განკურნებულად და უსაფრთხოდ ადამიანი?

საშუალოდ დაავადების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. მსუბუქ შემთხვევებში უმეტესობის სიმპტომები ლაგდება და გადის დაახლოებით 7 დღეში, ხუთ-შვიდ დღეში. შემდეგ არის უკვე შედარებით საშუალო სიმძიმის, მძიმე და კრიტიკული შემთხვევები. ასეთ პაციენტებს სიმპტომები შეიძლება გაუგრძელდეთ ოთხი-ექვსი კვირის განმავლობაში და უმეტესად მოუწიოთ ჰოსპიტალში წოლა, ხოლო კრიტიკულ პაციენტებს- მექანიკურ ვენტილაციაზე.

ანუ, დაავადების სიმძიმე განსაზღვრავს მის ხანგრძლივობასაც. შესაბამისად, სიმპტომები არის ძალიან ცვალებადი, მაგრამ საშუალოდ, მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში, უმეტესი პაციენტი დაახლოებით 7 დღეში უკვე გრძნობს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

რაც შეეხება განკურნებას — ეს არის შედარებით ახალი ინფორმაცია, რომელიც CDC-იმ [აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი] ახლახან განაახლა და მინდა, რომ ამაზე გავამახვილო ყურადღება. არსებობს ორი სცენარი: არსებობს პაციენტი, რომელსაც აქვს სუსტი სიმპტომები, მაგრამ რჩება სახლში, ანუ ის ტესტს არ იკეთებს. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არსებობს რაღაც ალბათობა, რომ მას ვირუსი სჭირს, მაგრამ ტესტი არ ცვლის ამ შემთხვევაში არაფერს და რჩება სახლში. არის მეორე ვარიანტი- პაციენტი, რომელმაც გაიკეთა ტესტი და დაუდასტურდა დაავადება.

პირველ შემთხვევაში, თუ ტესტი არ გაიკეთეთ და რჩებით სახლში, CDC გვეუბნება, რომ არსებობს სამი კრიტერიუმი და სამივეს უნდა აკმაყოფილებდეთ, რომ თქვენ ჩაითვალოთ თავი განკურნებულად და უსაფრთხოდ და, მაგალითად, დაბრუნდეთ სამსახურში:

  1. არ უნდა გქონდეთ ცხელება 72 საათის განმავლობაში;
  2. ყველა სხვა სიმპტომი უნდა იყოს გაუმჯობესებული, შეიძლება, ბოლომდე არ იყოს ალაგებული, მაგრამ გაუმჯობესებული. მაგალითად: ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ყელის ტკივილი, მიალგია და ა.შ;
  3. მინიმუმ 7 დღე უნდა იყოს გასული სიმტპომების გამოვლენის დასაწყისიდან;

ეს არის სამი კრიტერიუმი, რომელზეც ამჟამად CDC გვეუბნება, რათა ადამიანი განკურნებულად და უსაფრთხოდ ჩაითვალოს.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენც, კლინიცისტებიც, ვადევნებთ თვალს ამ და სხვა დაავადებებს, მე პირადად ვეთანხმები პირველ ორ კრიტერიუმს, მაგრამ მე გირჩევდით — ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიტყვა, რაც CDC-ის უწერია მესამე პუნქტში, არის  მინიმუმ 7 დღე სიმპტომების დასაწყისიდან. ამიტომ მე პირადად გირჩევდით, რომ დაიცადოთ მინიმუმ 7 დღე  სიმპტომების არა დასაწყისიდან, არამედ დამთავრებიდან, თუ თქვენი დამქირავებელი გაძლევთ საშუალებას, თუ გაქვთ საშუალება, რომ დარჩეთ სახლში ცოტა უფრო დიდხანს, ვიდრე 7 დღე სიმპტომების ალაგებიდან.ეს იქნება ჩემი აზრით ოპტიმალური. ეს არის ერთი ვარიანტი.

მეორე სცენარი არის ისეთი პაციანტი, რომელსაც აქვს სიმპტომები, ჩაიტარა ტესტი და ჰქონდა დადებითი პასუხი. ამ შემთხვევაში CDC გვეუბნება, რომ პირველი ორი კრიტერიუმი არის პრაქტიკულად იგივე — ანუ, უნდა იყოთ უსიცხოდ სამი დღის განმავლობაში, სიმტპომები უნდა გქონდეთ ალაგებული ან გაუმჯობესებისკენ  წასული. მესამე კი, ამ შემთხვევაში, რადგან ტესტი დადებითი გქონდათ, განკურნებულად ითვლება ისეთი ადამიანი, რომელიც უსიმპტომოა და აქვს ორი უარყოფითი ტესტი, რომელიც აღებულია ერთმანეთისგან მინიმუმ 24 საათის ინყერვალით. თუ ეს სამი კრიტერიუმი შესრულდა, CDC-ის მიხედვით ითვლება ადამიანი განკურნებულად.

თუ, მაგალითად, თქვენ ხართ შედარებით მაღალი რისკის ჯგუფი, გაქვთ ბევრ ხალხთან შეხება, განსაკუთრებით თუ ხართ მედპერსონალი, აი, ამ კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაშიც ჩვენ მაინც ვურჩევთ, რომ სამსახურში დაბრუნებისას, მხოლოდ მაშინ, როცა პაციენტებთან ან სხვა ხალხთან  გაქვთ შეხება, გაიკეთოთ ნიღაბი. ეს არის დამატებითი დაცვა, რომ დავიცვათ სხვა ხალხი, არა თქვენ, დაინფიცირებისგან, რადგან ჩვენ ვიცით, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანი რაღაც პერიოდი კიდევ აგრძელებს, ვირუსის გამავრცელებელი ჯერ კიდევ არის/ ამიტომ ოპტიმალურია, თუ სიმპტომები ისევ გაქვთ, განსაკუთრებით- ხველა, მაგალითად, ან სუნთქვასთან დაკავშირებული სიმტპომები, სამსახურში დაბრუნების შემდეგ გაიკეთოთ ნიღაბი რაღაც პერიოდის განმავლობაში.

ინფიცირებიდან რამდენ ხანში არის ადამიანი თავად ვირუსის გამავრცელებელი — ინკუბაციურ პერიოდშიც თუ კლინიკური ფაზიდან?

სამწუხაროდ, ვირუსის გავრცელებას ადამიანი იწყებს სიმპტომების გამოჩენამდე. საშუალო პერიოდი იმისდა მიხედვით, თუ რომელ კვლევას შეხედავთ- გერმანულს, ჩინურს- საშუალო პერიოდი, როდესაც ე.წ გავრცელებას იწყებს, არის 24-48 საათი სიმპტომების დაწყებამდე. მაგრამ, რადგანაც ინკუბაციური პერიოდი არის, ასე ვთქვათ, ფართო range (დიაპაზონი) აქვს — ზოგ ადამიანს ინკუბაცია აქვს საშუალოდ 4-დან 6 დღემდე, მაგრამ ზოგს, მაგალითად, 10-დან 14 დღემდე. ეს 24-48 საათი შეიძლება მოხდეს ადრე ან გვიან, ანუ მთელი სირთულე ამ ვირუსის მართვაში და რატომაც ის მარტივად ვრცელდება, ერთ-ერთი სირთულე ყოველ შემთხვევაში, არის ეს, რომ ადამიანი გავრცელებას იწყებს სიმპტომების დაწყებამდე, თუმცა გავრცელება პიკს აღწევს სიმპტომების დაწყებისას. ანუ, პირველ დღეებში. როდესაც სიმპტომები გეწყებათ, ყველაზე გამავრცელებლად ვირუსის მაგ პერიოდში იქნებით.

ხომ არ იცით, რამდენად სენსიტიურია სწრაფი ტესტები, რასაც ახლა იყენებენ?

ტესტირებას, ჩემი აზრით, ღირს, რომ დავუთმოთ ცოტა დრო, იმიტომ, რომ აქაც და საქართველოშიც ძალიან ხშირი განხილვის თემაა და მინდა, რომ გესმოდეთ, დააახლოებით რას ვგულისხმობთ ხოლმე, როცა ტესტებზე ვლაპარაკობთ.

არსებობს სამი ტიპის ტესტი, ანუ ბევრნაირი ტესტია, მაგრამ სამი ძირითადი მიმართულება არის — ტესტი, რომელიც იჭერს ვირუსის გენეტიკურ მასალას, ე.წ. რნმ-ს და ასე სვამს დიაგნოზს. ტესტი, რომელიც იჭერს ვირუსის ანტიგენს, სურათები თუ გინახავთ, სპაიკები რაც ამოდის ვირუსიდან, აი, ამის ამომცნობი ტესტი, და მესამე, რომელიც იჭერს ადამიანის იმუნურ პასუხს, ამ შემთხვევაში, გამომუშავებულ ანტისხეულებს, ე.წ IGM-ს, ანუ ადრეულ მარკერს, და IGG-ს, ანუ გვიან მარკერს. ეს არის სამი ძირითადი, ფართო მიმართულება ტესტების.

პირველი, ე.წ PCR, მოლეკულურ მეთოდს რასაც ვეძახით, თითქმის ყველა ადგენს, რომ იჭერს ვირუსის გენეტიკურ მასალას, მაგრამ კლასიკური PCR, რომელიც სულ თავიდან FDA-მ დაამტკიცა  და რასაც საქართველოში ლუგარი აკეთებს, ამას სჭირდება დრო. ამ წუთას დრო ჩამოსულია დაახლოებით 12 საათამდე, მაგალითად, ჩემი უნივერსიტეტის შემთხვევაში. ითვლება, რომ ამ ტესტს აქვს მაღალი მგრძნობელობა — დიზაინი, როგორც ტესტი იყო, გაკეთებული იყო ისე, რომ 95%-ში ვირუსის რაღაც რაოდენობა, კერძოდ, 26 კოპი უნდა დაეჭირა — ამას ჰქვია შინაგანი, ანალიტიკური სენსიტიურობა. მაგრამ მერე, როცა ტესტი გამოდის ფართო ხმარებაში, უკვე ნამდვილ სენსიტიურობას ვნახულობთ პაციენტებში. როგორც გამოდგა და ჯერჯერობით კიდევ ჩინეთიდან გვაქვს ეს ცნობები და აქაც მალე დავიწყებთ, არც ისე სენსიტიურია. მიუხედავად იმისა, თუ რომელ კვლევას ვუყურებთ, დაახლოებით 67-დან სადღაც 80 პროცენტამდეა PCR-ის სენსიტიურობა.

შემდეგი ტესტი, რაც შემოვიდა, უკვე სწრაფი, იყო სეფიადის. ესეც მოლეკულურია, ოღონდ სხვა მეთოდზეა, კარტრიჯებზეა დამოკიდებული და ჯინექსპერტის მანქანაა საჭირო. აჩქარდა დროში — დაახლოებით 45 წუთში, ნახევარ საათში პასუხი აქვს, თუმცა ამის სენსიტიურობა ჯერჯერობით არ ვიცით. ფართო ხმარებაში რომ გამოვა, მხოლოდ შემდეგ ვნახავთ ამ რიცხვებს.

მესამე, რაც ტრამპმა პრეს-კონფერენციაზე თავისით ჩაიტარა, ესეც არის მოლეკულური, ასევე სხვა მეთოდზე დამყარებული, და ხუთიდან ცამეტ წუთამდე სჭირდება დრო, რომ პასუხი მოგცეთ.

მოკლედ, რისი თქმა მინდა — რაც უფრო სწრაფდება ტესტი, რაც უფრო სწრაფად გაძლევთ შედეგს, დიდი შანსია, რომ მისი სენსიტიურობა იყოს უფრო დაბალი. ანუ, თქვენ თუ გაქვთ სიმპტომები, მიდიხართ ექიმთან ჰოსპიტალში, იღებთ ნაცხს და პასუხია უარყოფითი, სამწუხაროდ, 100%-ით ვერავინ გამორიცხავს, რომ ვირუსი არ გაქვთ. ეს არის მთავარი, რაც უნდა იცოდეთ. ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც განსაზღვრავს ტესტის სენსიტიურობას. მაგალითად, არავინ არ ლაპარაკობს ნაცხის აღების ტექნიკაზე. მაგალითად, თუ მე და ჩემს ექთანს მოგვეცით ერთი და იგივე ნაცხი და მასალა, მე ავიღე 100 ნაცხი და 2-ჯერ მაქვს ცხოვრებაში გაკეთებული, ჩემი ექთანი კი მთელი ცხოვრება გრიპის ნაცხს იღებს, ჩვენს გაკეთებულ ტესტებს ექნება სხვადასხვანაირი სენსიტიურობა, მიუხედავად იმისა, რომ ვიყენებთ ერთსა და იმავე მასალას.  ანუ, ნაცხის აღების ტექნიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი ტესტის სენსიტიურობის გსანსაზღვრაში და არა მხოლოდ შინაგანი ტესტის მგრძნობელობა. ამიტომ, თუ თქვენს ქაუნთიში [საგრაფო], თუ თქვენს შტატში დარეკეთ PCP-ში ან Urgent Care-ში და გითხრეს- ვიცით რომ გაქვთ სიმპტომები, მაგრამ დარჩით სახლში, არ გეგონოთ, რომ თქვენ ბევრი რამე გაკლდებათ, პირიქით, შეიძლება უმეტეს შემთხვევაში უმჯობესიც იყოს, რომ სახლში დარჩეთ და უფრო მეტი რისკის ქვეშ არ დააყენოთ თქვენი თავი და სხვები Emergency-ში მისვლით.

კიდევ ერთი — სეროლოგია, მესამე მეთოდი, რაც ვახსენე, ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევის მიხედვით მისი სენსიტიურობა არის 85%, შიდა წრეებში კი, მაგალითად, ჩემს უნივერსიტეტში, უკვე განვიხილავთ, რომ ოქროს სტანდარტი იყოს არა PCR, არამედ სწორედ ეს სეროლოგია, იმიტომ, რომ ჯერჯერობით ნამდვილ პოპულაციაში ნამდვილი მგრძნობელობის თვალსაზრისით კარგი შედეგები აქვს. მაგრამ ფაქტია, რომ არსენალში ჰოსპიტალს უნდა ჰქოდნეს სამივე ტესტი, მაგრამ არცერთი ამ სამიდან არ არის იდეალური, არც სწრაფი და არც ნელი. ამიტომ, თითოეულ პაციენტს ექიმი უდგება ინდივიდუალურად. თუ მე დარწმუნებული ვარ სიმპტომების მიხედვით, რომ პაციენტს აქვს COVID, მე ვმკურნალობს მას როგორც COVID-ს, მიუხედავად იმისა, რას აჩვენებს ტესტი. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. ამიტომ სენსიტიურობას ჯერ კიდევ ვსწავლობთ, ეს რიცხვები დაიდება, ამერიკული ტესტების რიცხვები, მაგრამ ამერიკის სენსიტიურობა განსხვავებული იქნება ევროპისგან, ევროპის სენსიტიურობა- საქართველოსგან და ა.შ. იმიტომ, რომ, როგორც ვახსენე, ბევრი ფაქტორია, რაც ამაში მონაწილეობს.

თუ მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს დაავადება და პაციენტი სახლშია, როგორ ხდება მისი განკურნების დადასტურება? 

ამის შესახებ უკვე ვისაუბრე, კიდევ ერთხელ შევაჯამებ- თუ ტესტი არ გაიკეთეთ, 72 საათი უსიცხოდ უნდა იყოთ, ყველა სხვა სიმპტომი უნდა იყოს უკეთ და მინიმუმ 7 დღე უნდა იყოს გასული სიმპტომების დაწყებიდან, რომ ჩაითვალოთ უსაფრთხოდ.

თუ ტესტი გაიკეთეთ, უსიცხოდ უნდა იყოთ 3 დღე, სიმპტომები უნდა იყოს ალაგებული, ან გაუმჯობესებული. მესამე კრიტერიუმი არის ის, რომ 2 ტესტი უნდა იყოს უარყოფითი 24 საათის ინტერვალით.

რა არის კარდინალური სიმპტომები, რომლის შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მივმართოთ სასწრაფოს?  

მინდა გითხრათ ასეთი აპლიკაციის შესახებ, რომელსაც ჰქვია Covid Checker. Google-ში თუ ჩაწერთ CDC Covid Checker, პირველი, რასაც ამოგიგდებთ, არის ლინკი CDC-ზე — იქ კითხვარია. მოგთხოვთ, რომელ შტატში ხართ, მოგთხოვთ ზიპ კოდს, სიმტპომებს და მერე ბოლოში ქრონიკული დაავადებების სია იქნება და ნახავთ, თუ რომელი გეკუთვნით, შემდეგ კი უკვე გეტყვით, უნდა დარჩეთ სახლში, თუ უნდა წახვიდეთ Emergency-ში.

ეს აპლიკაცია ყველა უნივერსიტეტმა თავისთვის მოირგო, მაგრამ, პრინციპში, ყველა ერთსა და იმავე კითხვებს სვამს.

4 ძირითადი კარდინალური ნიშანი, რა დროსაც სასწრაფოდ უნდა დაურეკოთ ექიმს, ან თუ არ გყავთ ექიმი, მიხვიდეთ საავადმყოფოში:

  1. სუნთქვის გართულება, რომელიც არ გადის;
  2. მუდმივი ე.წ. ზეწოლის შეგრძნება გულ-მკერდზე;
  3. კონფუზია, გონების დაბინდვა ან ძილიანობა;
  4. ტუჩების, სახის ან კიდურების გალურჯება;

თუ ერთ-ერთი კარდინალური ნიშანი ამ ოთხიდან გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ შედარებით მძიმე დაავადებასთან გაქვთ საქმე და ამ შემთხვევაში უფრო უნდა იფრთხილოთ. თუ შეძლებთ სწრაფად და გაქვთ კონტაქტი, დარეკოთ ექიმთან, ან მიმართოთ Emergency-ის.

თუ ეს სიმპტომები არ გაქვთ, ყველაზე ხშირი კითხვა, რაც მომივიდა, რა უნდა ვქნათ, თუ გვაქვს სიმპტომები, არ გავიკეთეთ ან არ გაგვიკეთეს ტესტი, არ მივდივართ Emergency-ში — როგორ მოვუაროთ თავს?

პირველი და ყველაზე მთავარი არის თვითიზოლაცია. მესმის, მე ნიუ-იორკში ვცხოვრობდი ორ წელიწადზე მეტი — ქირაობთ ოთახს და არა სახლს, ძალიან რთულია, რომ საზიარო რაღაცები არ გქონდეთ, მაგრამ მაინც შესაძლებელია, რომ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ და თავი დავიცვათ: გამოეყავით სხვებს მაქსიმალურად. თუ გაქვთ თქვენი აბაზანა და ტუალეტი, ძალიან კარგი, თუ არა- გამოყავით თქვენი პირსახოცი, ჭურჭელი. აბაზანის გამოყენების შემდეგ კარგად გაწმინდეთ.

გაწმენდაზე მინდოდა აგრეთვე ყურადღების გამახვილება: ნებისმიერი გამწმენდის საშუალება, რომელსაც აწერია „kills 99,9% of germs or viruses“ [კლავს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს] მუშაობს, ანუ შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ არ გაქვთ საშუალება ან გათავებულია და არ იყიდება, მაშინ შეგიძლიათ ხუთი სუფრის კოვზი გამათეთრებელი გახსნათ ერთ გალონ წყალში, ამ პროპორციით, და შემდეგ ეს გამოიყენოთ როგორც ზედაპირების გამწმენდი. მათეთრებელი ძალიან კარგი გამწმენდია, მაგრამ ფრთხილად იყავით — ჩემმა კოლეგამ მომწერა, რომ ვიღაცას ძმარი აურევია მათეთრებელში და ძალიან ცუდი ფილტვის დაზიანებით დააწვინეს საავადმყოფოში. არაფერი გამოიგონოთ თქვენით — მათეთრებელი და წყალი არის საკმარისი, თუ არ გაქვთ სხვა გამწმენდი საშუალება ან მინიმუმ 60-70-იანი პროცენტის შემცველი ალკოჰოლი, გამოიყენეთ მათეთრებელი და წყალი.

ეს ის შემთხვევაა, როცა ურთიერთობა გაქვთ ოჯახის სხვა წევრებთან ან სხვა, ვთქვათ, ადამიანებთან, რომელიც ქირაობს სხვა ოთახს იმ სახლში, უნდა გაიკეთოთ ნიღაბი, თუ გაქვთ. გაიკეთეთ არა გარეთ, არამედ სახლში, როცა კონტაქტი გაქვთ სხვებთან. ამით იცავთ არა თქვენს თავს, არამედ სხვას. ნიღბის ძირითადი ფუნქციაა, დავიცვათ სხვა დაინფიცირებისგან.

დალიეთ რაც შეიძლება მეტი სითხე, ჩვეულებრივად რასაც აკეთებთ გრიპის ან გაციების დროს — ეს იქნება ჩაი, ლიმონიანი, ულიმონო, არ აქვს მნიშვნელობა. აგრეთვე, დაისვენეთ და მიეცით დრო ორგანიზმს, თვითონ მოერიოს ვირუსს.

რაც შეეხება წამლებს, აბსოლოტური უკუჩვენება არც ტაილენოლის, არც ენსეიდის არ არსებობს ამ წუთას, თუ დალევთ, არაფერი საგანგაშო და საზიანო არ ხდება. თუმცა ჩემი პრაქტიკული რჩევაა, მაინც თავიდანვე მოვერიდოთ, 37,2 სიცხეზე ნუ დალევთ, დაიცადეთ, რადგანაც ამით შეიძლება მასკირება გაუკეთოთ დაავადების ბევრ ისეთ სიმპტომს, რის გამოც შეიძლება თქვენ უფრო მეტი ყურადღება დაგჭირდეთ. ამიტომ დალიეთ, თუ მაღალია სიცხე და გაწუხებთ, მაგრამ აპრიორი თავიდანვე მოერიდეთ.

დაავადების სიმპტომების გამოჩენიდან რა პერიოდშია მოსალოდნელი გართულებები და მდგომარეობის დამძიმება, დაახლოებით რამდენ ხანში უწევთ ჰოსპიტალიზაცია დიაგნოზის დასმიდან? 

საშუალოდ, აი, ძალიან უხეშად რომ ითქვას, დაავადების დაწყებიდან და სიმპტომების გამოჩენიდან დაახლოებით მე-7 დღეს იწყება სიმტპომების დამძიმება. თუმცა ეს შეიძლება იყოს ძალიან ვარიაბელური, შეიძლება იყოს მე-10 დღეს, ანუ გვიანი დამძიმებები, მე-14 დღემდე დამძიმებებიც არის აღწერილი. ამიტომ ამ შემთხვევაში უნდა ვიყოთ უფრო ფრთხილად. თუმცა, დამძიმებას როცა ვამბობთ, ეს არ მოხდება წუთებში — როგორც წესი, ვინც ჰოსპიტალში მიდის, არის პაციენტი, რომელიც დღეების განმავლობაში წვალობდა, არ მიაქცია ყურადღება ან გადაწყვიტა რომ არ მიემართა ექიმისთვის ან Emergency-ისთვის და ამ სიმტპომებით აგრძელებდა ცხოვრებას. როგორც წესი, ეს ხდება რამდენიმე საათში ან დღეში. 10 წუთში არ დამძიმდებით.

თუ გრძნობთ, რომ არის გაუარესების ტენდენცია, უნდა მიხვიდეთ ექიმთან.

ხომ არ გაქვთ ინფორმაცია კარდიული გართულებების შესახებ? შესაძლებელია თუ არა, იწვევდეს მიოკარდიტს? 

მიოკარდიტი ნიშნავს გულის კუნთის ანთებას ჩვენს ენაზე. რაც უფრო მეტი დრო გადის და მეტს ვსწავლობთ ამ ვირუსზე, აშკარად ჩანს, რომ მას აქვს პირდაპირ დამაზიანებელი ეფექტი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. არა მეორადი, ფილტვისმიერი დაზიანებით, არამედ გულსაც და გულ-სისხლძარღვთა სისტემასაც აზიანებს.

ყველაზე სარწმუნო კვლევა ამასთან დაკავშირებით არის ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან — ეს არ არის უზარმაზარი კვლევა, მხოლოდ 21 კრიტიკული პაციენტის, მაგრამ მათ უმეტესობას ჰქონდა ე.წ. კარდეომიოპათია და კარდიოგენული შოკის მდგომარეობა, არა მხოლოდ ინფექციური, არამედ კარდიოგენული შოკიც. პრინციპში, უკვე ძალიან ფრთხილად ვართ ნებისმიერ კოვიდ-დადებით პაციენტთან, განსაკუთრებით, თუ მას აქვს გულის ქრონიკული დაავადება.

თუ გულის ქრონიკული დაავადება აქვს პაციენტს, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით სიფრთხილით ვეკიდებით. ვადევნებთ თვალს კარდიოგრამას, ვიღებთ ექოს და ა.შ. ვცდილობთ, არ გაგვეპაროს დამძიმება სიმპტომების.

მოკლედ რომ გიპასუხოთ, დიახ, როგორც ჩანს, გულზე აქვს პირდაპირი ტოქსიკური ეფექტი Sars-cov-2-ს.

რამდენად მიზანშეწონილია ინჰალაციის გაკეთება ფიზიოლოგიური ხსნარით ამ დაავადების დროს?

კარგია, რომ ეს მკითხეთ. პირდაპირ რომ გითხრათ, არა. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ თქვენით ინჰალაცია არ გაიკეთოთ სახლში, სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში.

პოტენციურად, ნებისმიერი ასეთი პროცედურა, რომელსაც სხვა შემთხვევაში გაიკეთებდით, არის აეროზულ წარმომქმნელი, ანუ თუ ვირუსი გაქვთ ცხვირ-ხახაში და ინჰალაციას იკეთებთ, ამით ზრდით შანსს, რომ ვირუსი უფრო შორ მანძილზე გადავიდეს და გავრცელდეს თქვენს გარშემო.

თქვენ შეიძლება ინჰალაციამ არ დაგაზიანოთ და გიშველოთ, მაგრამ საფრთხის ქვეშ აგდებთ სხვებს, თქვენ გარშემო მყოფებს, ოჯახის წევრებს და ა.შ. ამიტომ მე პირადად არანაირ თვითნებურ ინჰალაციას არ გირჩევდით. პირიქით, გირჩევდით, რომ სხვასაც ურჩიოთ, არ გაიკეთოს.

ტანსაცმლის დაბერტყვიდან ან ქაღალდიდან თუ შესაძლებელია კორონავირუსიანი ჰაერი შევისუნთქოთ?

განვიხილოთ, როგორ გადადის ვირუსი, როგორ ხდება გადასვლა: ერთ ადამიანს, რომელსაც აქვს ვირუსი, ფილტვებში, ცხვირ-ხახაში, მანდ უნდა დაახველოს, დააცემინოს, ან უბრალოდ ისუნთქოს და ხელი ჰქონდეს სახესთან, შემდეგ მოჰკიდოს ხელი რაღაც ზედაპირს, მერე თქვენ უნდა მოჰკიდოთ ხელი ამ ზედაპირს და ის ხელი მიიტანოთ სახესთან. ეს არის გადაცემის ერთ-ერთი გზა. გარდა იმისა, თუ ორ მეტრზე ახლოს ხართ, წვეთოვანი გზით შეიძლება გადავიდეს.

თუ ეს პრინციპი გვექნება თავში, რომ მარტო ხელის მოკიდებით ვირუსი არ გადადის, აი, ხელს რომ მოვკიდებთ ამ რაღაცას, მერე რას ვუზამთ ამ ხელებს, დავიბანთ, გავიწმენდთ და ა.შ.ამ პრინციპით თუ ვიხელმძღვანელეთ, არ შეგვეშლება, რა უნდა გავაკეთოთ.

თუ ამ ლოგიკით შევხედავთ — დაინფიცირებულმა ადამიანმა თუ თქვენს ტანსაცმელზე დაახველა ან შეხება ჰქონდა, დაუბანელი ხელითაც, შემდეგ თქვენ ეს დაბერტყეთ და გაიარეთ ამ დროს, თეორიულად შესაძლებელია ვირუსი გადაგედოთ.

ასევე იმ დღეს მკითხეს, თუ ქუჩაში ვიღაცამ დააცემინა და ამ დაცემინებულში გავიარე, მაშინ რა ვქნა? ჩემი რჩევაა ამ დროს, დაიბანეთ სახე საპნით. დაიბანეთ ხელები და თუ მართლა ასეთი მდგომარეობაა, რომ ვიღაცამ დააცემინა ან დაახველა, ხელი არ აიფარა (სწორედ მაგიტომ ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ შორს რომ არ გავრცელდეს ვირუსის ნაწილაკები, სასურველია ხელი აიფაროთ), მაშინ დაიბანთ ხელებს და შემდეგ საპნით დაიბანთ სახეს. ეს იქნება ჩემი რეკომენდაცია.

თუ ერთხელ გადაიტანთ კორონავირუსს, არის თუ არა ალბათობა, რომ მეორედაც შეგხვდეთ?

არ ვიცით. ჯერჯერობით, არ ვიცით. საქმე ის არის, რომ როცა იმუნურ სისტემაზე ვლაპარაკობდი, იმუნურ სისტემას აქვს ორი პრინციპი — ერთი არის უცაბედად, როცა ვირუსი ან უცხო სხეული შემოიჭრება, რას აკეთებს, და შემდეგ უკვე ე.წ. მახსოვრობა, რომ გავა აქედან 6 თვე, 1 წელი, 3 წელი, შემდეგ რამდენად არის მზად იმავე პათოგენისთვის.

არსებობენ, მაგალითად, ბატონები, როდესაც ერთხელ გადაიტანთ, ძალიან არაორდინალური შემთხვევების გარდა, მეორედ აღარ გექნებათ. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი იმუნური სისტემა იმუშავებს იმუნიტეტს, რომელიც თითქმის მთელი ცხოვრება გაგყვებათ.

მაგალითად, არსებობს გრიპი, რინოვირუსი და სხვა ვირუსები, რომლის მიმართაც იმუნიტეტი ასე დიდხანს მეხსიერებას არ იმუშავებს.

რომელ ფაზაში დაჯდება კორონავირუსი, ჯერჯერობით არ ვიცით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ცოტა დროა გასული. თუმცა, ჯერჯერობით რა მონაცემიც მოდის ჩინეთიდან, არ არის ძალიან დიდი კვლევები, იმუნიტეტი ჯერჯერობით დამცავია და გვჯერა, რომ ამ სეზონზე აღარ უნდა შეგიბრუნდეთ და იმუნიტეტმა უნდა დაგიცვათ.

გაისად, იმედი გვაქვს, ვაქცინა გვექნება და ეს პრობლემაც აღარ იქნება. რადგანაც, თუ ვაქცინა გაიკეთეთ, მით უმეტეს, თუ ვირუსმა მუტაცია არ განიცადა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება, მაშინ იქნებით დაცული ვირუსისგან და პრობლემა აღარ გექნებათ.

ვიცით, რომ სიმსივნე არის პაციენტისთვის დამამძიმებელი ფაქტორი. მაინტერესებს, თუ 2-3 წლის წინ გაკეთდა ოპერაცია და ყველაფერი კარგადაა, მაშინ რისკჯგუფში ჩაითვლება თუ არა პაციენტი?

სიმსივნური ჯგუფი არის განსაკუთრებული კატეგორია და განსაკუთრებით ფრთხილად ვართ ხოლმე ასეთი ტიპის პაციენტებთან.

ზოგადად, სიმსივნე, როგორც ასეთი, ითვლება რისკჯგუფად, თუმცა ეს ასეა სხვა ვირუსების ან სხვა პათოგენების შემთხვევაშიც. განსაკუთრებული რისკჯგუფი, როგორც ბრძანეთ, არის ისეთი სიმსივნე, რომელიც არის აქტიური და პაციენტი, რომელიც აქტიურ ქიმიოთერაპიაზეა, ეს იმუნიტეტს აქვეითებს.

რა თქმა უნდა, ეს კატეგორია არის უფრო ბევრად დიდი რისკის ქვეშ, ვიდრე ისეთი სიმსივნე, რომლის ამოკვეთაც მოხერხდა ან არის რემისიაში და პაციენტი, რომელიც, ვთქვათ, არ არის აქტიურ ქიმიოთერაპიაზე, მაგალითად.

უფრო მეტსაც გეტყვით — რადგანაც ონკოლოგიური ჯგუფი გახდა და იქნება განსაკუთრებული ჯგუფი ამ COVID-ის ერაში, ახლა მიდის აქტიური მუშაობა ჩემს უნივერსიტეტში, ყველა ონკოლოგი იკრიბება და ადგენს ახალ, ადაპტირებულ გაიდლაინს და COVID-ის მიუხედავად ფიქრობენ, რომ მაინც გააგრძელონ ან დაიწყონ აქტიური ქიმიოთერაპია. ანუ, ადამიანს აქვს სიმსივნე, სჭირდება აქტიური მკურნალობა, COVID-ის გამო ჩვენ ვერ ვეტყვით, რომ ექვსი თვე დაიცადოს.

ჩვენ არ გვინდა, რომ COVID-ის გამო სხვა მიზეზით სიკვდილიანობამ მოიმატოს.  ამიტომ ვიცი,რომ  ჩვენთან და სხვა ინსტიტუტებში მიდის სერიოზული განხილვა, რომ სიმსივნურ პაციენტებს ჩვეულებრივად, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ  გაუგრძელდეთ მკურნალობა, ან დაიწყონ მკურნალობა და მოვახერხოთ ისე, რომ COVID-მა ამაზე დიდი დამაზიანებელი გავლენა არ მოახდინოს იმიტომ, რომ თუ პაციენტს აქვს კარგი ინსტრუქცია და ექიმმაც იცის, რა უნდა ქნას, ამ შემთხვევაში COVID არ იქნება განმსაზღვრელი რისკფაქტორი და არ შეცვლის მენეჯმენტს.

ზოგადად, ამ შემთხვევაში სიმსივნურ პაციენტებს განსაკუთრებით ვთხოვთ, რომ ჰიგიენური ნორმები,  თვითიზოლაციის რეკომენდაციები და ა.შ. განსაკუთრებით დაიცვას. არაფერი სხვა, განსაკუთრებული რეკომენდაცია მათთვის არ არსებობს.

ექიმმა მომცა მიმართვა, რომ ტესტი გავიკეთო, მაინც წინააღმდეგობები მაქვს.

თუ თქვენ გგონიათ, რომ სიმტპომები არ არის მძიმე და თქვენ შეძლებთ მათ სახლში მართვას და გაქვთ საშუალება იზოლაცია გაიკეთოთ ოჯახის სხვა წევრებისგან, განსაკუთრებით, თუ თქვენს სახლში არის ასაკოვანი ან ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტი, მაშინ ტესტის გაკეთება მარტო იმიტომ, რომ იცოდეთ, დადებითია თუ არა, ეს პრაქტიკულად დიდს არაფერს არ ცვლის. პირიქით, თუ თქვენ მიდიხართ Emergency-ში რუტინულად და ყველა მსუბუქ სიმპტომზე, ამით საფრთხეში იგდებთ თავს, რადგანაც თუ უბრალოდ გრიპი ან გაციება გაქვთ, Emergency-ში არ დაგემართოთ კორონავირუსი, ან თუ თქვენ გაქვთ, სხვასაც არ გადასდოთ.

ამიტომ, თუ თქვენ ამ რეკომენდაციის მიხედვით ექიმმა გითხრათ, რომ სახლში დარჩეთ, არ გეგონოთ, რომ ძალიან ბევრი გაკლდებათ, თუ ტესტი არ გაიკეთეთ. მესმის, რომ ბევრს უნდა უბრალოდ იცოდეს და უნდა პასუხი, სხვანაირად არ შეუძლია. თუ ასეთი შემთხვევაა, გულწრფელად ჩაწერეთ თქვენი სიმპტომები აპლიკაციაში. თუ გირჩევენ Urgent Care-ში, მიდით მანდ, თუ არ არის საშუალება და გყავთ PCP, დაეკონტაქტეთ ოფისს და ნახეთ, რას გირჩევენ ისინი და ასე იმოქმედეთ.

რატო ვამბობ ასე ზოგადად? იმიტომ, რომ ნიუ-იორკის რეკომენდაცია შეიძლება განსხვავებული იყოს მერილენდის რეკომენდაციისგან, ჯორჯიის რეკომენდაციისგან და ა.შ. იმისდა მიხედვით, სად რამხელა ამოფრქვევაა ვირუსის და სად არის გავრცელებული, თითოეულ შტატს თვითონ აქვს თავისი პოლიტიკა.

თუ არ გყავთ PCP, მაშინ თითოეულ შტატს (და ვიცი, რომ ჩვენი საკონსულოც გაწვდით პერიოდულად ამ ინფორმაციას) აქვს ცხელი ხაზი, იქაც შეგიძლიათ დარეკოთ, მათაც შეგიძლიათ უთხრათ სიმპტომები და ისინიც დაახლოებით გაგიწევენ რეკომენდაციას, თუ როგორ მოიქცეთ.

სწრაფ ტესტებზე რას ფიქრობთ, რამდენად ეფექტურია?

ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ჯერჯერობით ნამდვილ, ჭეშმარიტ სენსიტიურობას ტესტის ჩვენ ვსწავლობთ. ეს რიცხვები დაიდება, თუმცა არცერთი ტესტი, არც სწრაფი და არც ოქროს სტანდარტი, ნაცხის PCR, არ არის იდეალური და სენსიტიურობა მერყეობს დაახლოებით 67 პროცენტიდან დაახლოებით 80 პროცენტამდე. ამიტომ ყველაზე კარგ ვარიანტშიც კი ყოველთვის არსებობს შანსი, რომ მიიღოთ ცრუ უარყოფითი პასუხი.

ტესტმა გითხრათ, რომ არ გჭირთ დაავადება და გაიპაროს შემთხვევა, ამას სისტემა, სამწუხაროდ, უშვებს. ამიტომ ჩვენი სტრატეგია არის, რომ არსენალში გვქონდეს ნაცხიც, სწრაფი ტესტიც და თუ საჭიროა, ABOT-იც, ჰოპკინსს აქვს, მაგალითად, ნაცხის PCR, ახლა დავიწყეთ სეფიადის სწრაფი ტესტის კეთება და სეროლოგიას ვიწყებთ შემდეგ კვირაში, როგორც მითხრეს.

თითოეულ ტესტს აქვს თავისი დანიშნულება და მხოლოდ ექიმი წყვეტს, რომელ შემთხვევაში რომელი გამოიყენოს ინდივიდუალურ პაციენტში.

როგორც ამბობენ, შეიძლება ისე გადაიტანოთ კორონავირუსი, რომ ვერც კი მიხვდე, რომ გქონდა. ეს რას ნიშნავს? ამ დროს მაინც არის შესაძლებელი სხვისი დაინფიცირება?

დიახ. სამწუხაროდ, ასეა, რომ უფრო მეტი და მეტი შემთხვევებია, როცა არის აღწერილი ე.წ. ასიმპტომური გადაცემა. ანუ ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ აქვს ან აქვს მსუბუქი სიმპტომები და ამას ყურადღებას არც მიაქცევს, ისე გადაიტანს ამ ვირუსს, მაგრამ ამ ფაზაში, როცა ეს ხდება, სანამ რაღაც პერიოდი გავა, ის არის ასევე გამავრცელებელი.

ესაა ერთ-ერთი მთავარი სირთულე, რატომაც გვიჭირს ამ ინფექციის კონტროლი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამიტომ ვამბობთ, რომ ერთადერთი მუშა სტრატეგიაა თვითიზოლირება. ამიტომ ვიმეორებთ, დარჩი სახლში.

არ იცი, გაქვს თუ არა და თუ დარჩები სახლში, უზრუნველყოფ, რომ ჯაჭვს წყვეტ.

რას ფიქრობთ „ბე ცე ჟე“ ვაქცინაციასთან დაკავშირებით?

მადლობა. ამაზე ბევრი კითხულობს აქაც და საქართველოშიც და მე პირადად ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ორი მიზეზის გამო. პირველი — ბე ცე ჟე ვაქცინაცია არ ტოვებს, როგორც ვნახეთ, ხანგრძლივ იმუნურ პასუხს. ის შეიქმნა ტუბერკულოზისთვის და გამოიყენება მხოლოდ რიგ ქვეყნებში.

შემდეგ წამოვიდა კვლევები 2014-ში დანიიდან და 2016-ში ამერიკიდან, რომ ბე ცე ჟე ვაქცინა არ არის მხოლოდ ტუბერკულოზისგან დამცავი და იმუნურ სისტემას ზოგადად აძლიერებს და ამიტომ შეიძლება სხვა ვირუსების მიმართაც ზრდიდეს ჩვენს დამცველობით ფუნქციას.

თუმცა იმავე სტატიაში იგივე არის ნათქვამი წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაზეც და, როგორც ხედავთ, მას მთელ ევროპაში იყენებენ და ნამდვილად არ არის, რომ ევროპა დაცული ან პრივილეგირებული იყოს, პირიქით.

მეორე, ეს კვლევა ,ავსტრალიელებმა რაც დაიწყეს და მერე სხვებმაც, არის მხოლოდ მედპერსონალისთვის და მხოლოდ მედპერსონალს უკეთებენ ახლა ვაქცინას, შემდეგ კი დროში დააკვირდებიან, რაღაც ნაწილი მიიღებს ვაქცინას, რაღაც ნაწილი პლაცებოს და დააკვრიდებიან, დაიცავს თუ არა დაავადებისგან.

ჯერ არ ვიცით და ვერავინ მოგცემთ გარანტიას, მაგრამ მე პირადად სკეპტიკურად ვუყურებ, რომ ბე ცე ჟე აღმოჩნდება დამცავი ვირუსის წინააღმდეგ.

რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ ჩაწითლებული თვალი ვირუსის სიმპტომის მახასიათებელი იყო?

ჩაწითლებული თვალი, ე.წ. კონიუქტივიტი არ არის სიმპტომთა ყველაზე ხშირ სიაში, ამიტომ თუ გაქვთ მხოლოდ ეს და სხვა არაფერი, ალბათობა, რომ კოროონავირუსი გაქვთ, შედარებით დაბალია. მაგრამ ძალიან უცნაური ვირუსია და აღწერილია შემთხვევები, როცა მარტო ფაღარათით მოვიდნენ, ან ბრიტანეთის შემთხვევაში- ანოსმიით ან ჰიპოსმიით და სხვა სიმპტომი არ ჰქონდათ.

ამიტომ ძალიან რთულია, რომ მხოლოდ ამით 100 პროცენტით გამორიცხოთ დაავადება, მაინც შესაძლებელია გქონდეთ. მაგრამ ნაკლებად სავარაუოდოა სხვა სიმპტომებთან შედარებით.

რაიმე ვიტამინის მიღება თუ არის რეკომენდირებული და რამხელა სიცხე ითვლება სიცხედ?

რაც შეეხება ვიტამინებს, აქ ალბათ სხვადასხვა ექიმს სხვადასხვანაირი რეკომენდაცია ექნება. ისეთი ვიტამინი, რომელშიც ნაჩვენებია, რომ 100 პროცენტით დაგიცავთ, ასეთი ვიტამინი არ არსებობს.

თუმცა მე მაქვს ასეთი მიდგომა ჩემი პაციენტების შემთხვევაში, რაც ვიცით, ზუსტად რომ არ დაგაზიანებთ, თუნდაც რამე თეორიული შანსი, რომ ვირუსისგან დაგიცვათ, რატომაც არ უნდა მივიღოთ.

რაც მეტ-ნაკლებად ვიცით, რომ იმუნურ სისტემაზე და ფილტვის დამცავ ფუნქციაზე მოქმედებს, არის D ვიტამინი და მისი წყაროა ძირითადად მზე, ანუ სინათლე, C ვიტამინი და ცინკუმი, ანუ ე.წ. თუთია, რომელიც ასევე იყიდება.

ამათი მინიმალური რეკომენდირებული დოზა არის, არანაირი პრობლემა და უკუჩვენება არსებობს. მაგრამ, რომ გითხრათ, სამივეს დალევის შემთხვევაში გარანტირებული გაქვთ ვირუსისგან თავდაცვა, ეს ასე არ არის.

უკუჩვენება არ არის და ვერ დაგიშლით მიღებას, მაგრამ მიღება არ არის გარანტია, რომ თქვენ თავს დაიცავთ.

მეორე კითხვა იყო, რამხელა სიცხე ითვლება სიცხედ. გააჩნია, რომელ დაავადებას ვუყურებთ, რომელ პაციენტს ვუყურებთ, რა კატეგორიას ვუყურებთ, არის განსხვავებული შკალები — აშშ-ისა და ევროპის მონაცემები განსხვავდება, მაგრამ საშუალოდ 37,8-ზე ზემოთ სითხე იცვლება საყურადღებოდ, ზოგადად ასეა. თუმცა აქაც ნახავთ განსხვავებულ მოსაზრებებს იმისდა მიხედვით, თუ ვის ჰკითხავთ.

ჰემოგლობინის ვარდნა თუ იცის [კორონავირუსმა]?

მხოლოდ ჰემოგლობინის ვარდნა კორონავირუსისთვის არაა დამახასიათებელი, თუმცა ნამდვილადაა ნაჩვენები, რომ ვირუსი იწვევს სისხლმბად ორგანოებზე, ძვლის ტვინზე ეფექტს. ძირითადად ვარდება ხოლმე ლეიკოციტები, სისხლის თეთრი უჯრედები, კერძოდ, ლიმფოციტები, რომელიც მისი ნაწილია.

ამ ფონზე, ეს ყველა ვირუსს ახასიათებს, ჰემოგლობინის დროებითი ვარდნა არის შესაძლებელი, თუმცა ეს არის დროებითი ეფექტი მხოლოდ იმ ხნის განმავლობაში, როცა ვირუსი გაქვთ და შემდეგ ეს აღდგენადია.

ისეთი სერიოზული ვარდნა, რომ პაციენტს დასჭირდეს გადასხმა ან რამე სერიოზული ჩარევა, რამდენადაც მე ვიცი, არ არის აღწერილი.

როგორ მოვიქცეთ ვირუსის დროს და რა მივიღოთ სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის?

სამწუხაროდ, სპეციფიკური წამალი, რომელიც შემიძლია გირჩიოთ, რომელიც სწრაფად გამოგაჯანმრთელებთ სახლის პირობებში, არ არსებობს. თუმცა, თუ ზოგად რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, — დალევთ ბევრ სითხეს, დაისვენებთ, მწოლიარე მდგომარეობაში გაატარებთ დროის მნიშვნელოვან ნაწილს და თვითიზოლაციას მოახდენთ, რასაც ისედაც გააკეთებდით სხვა ვირუსის შემთხვევაში.

არ არსებობს სხვა დამატებითი მედიკამენტი, რომელიც შეგიმცირებთ ავადობას და გამოგაჯანმრთელებთ უფრო სწრაფად.

კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებში პნევმონიას რომელი ანტიბიოტიკით მკურნალობენ?

ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. მთელი ჯგუფია ანტიბიოტიკების, რომელიც ამ შემთხვევაში არ არის უპრიანი, რომ განვიხილოთ აქ. ეს უნდა იყოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება ინდივიდუალური პაციენტის პირობების გათვალისწინებით.

ამ სეზონზე მხოლოდ COVID 19-ია თუ შესაძლებელია სხვა ვირუსიც იყოს და მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში, არის თუ არა შანსი, რომ ეს ჩვეულებრივი ვირუსია?

დიახ, რა თქმა უნდა, არის. ჯერჯერობით კიდევ ვართ ინფლუენცას (გრიპის) სეზონში, აპრილის დადგომასთან ერთად, შუა რიცხვებიდან დაწყებულია კლება და სერიოზულად დაიკლებს გრიპი და არ დაგავიწყდეთ, რომ არსებობს სხვა ვირუსები, რინოვირუსიდან დაწყებული სხვა ძალიან ბევრი ე.წ. გაციების, გრიპის გამომწვევი ვირუსები, რომლებიც არსად წასულან. ამიტომ თქვენი მსუბუქი სიმპტომები აბსოლოტურად შესაძლებელია მათ მიერ იყოს გამოწვეული და არა კორონავირისუსგან.

ამიტომ ვამბობთ, რომ ყველას მისვლა Emergency-ში ყველა მსუბუქ სიმტპტომებზე საჭირო ნამდვილად არ არის.

მე ვარ 48 წლის, 21-29 წლის ასაკში ორჯერ გადავიტანე პნევმონია და ვარ ალერგიული, რომელიც რეალურად რესპირატორული გზებით უფრო გამოიხატება. რამდენად ვარ რისკჯგუფში?

თავისთავად ალერგიულობა არ ზრდის რისკს, უბრალოდ ბევრი, ვისაც სჭირს ასთმა ან ალერგია, ხშირად არის ე.წ „სტეროიდებზე“, ბევრს სვამს ან ხშირად სვამს და თუ ამის გამო სვამთ ისეთ წამალს, რომელიც აქვეითებს იმუნურ სისტემას, ამან შეიძლება გაზარდოს დაინფიცირების რისკი, მაგრამ თავისთავად ალერგიული ფონი და ასთმა არ ითვლება კორონავირუსის მაღალ რისკჯგუფად.

გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გამოყენებაზე რას გვეტყვით?

მადლობა, ძალიან კარგი კითხვაა. პირველი ნიშანი, როდესაც ჩვენ შიდა წრეებში მართლა დავინახეთ, რომ რამე მართლა მუშაობს, იყო მხოლოდ 5 პაციენტის კვლევა, რომელთაგანაც ყველა იყო კრიტიკულად მძიმე და მათ გადაუსხეს გამოჯანმრთელებული ადამიანის შრატი, რომელიც სწორედ იმ ანტისხეულებს შეიცავდა, რომელზეც წეღან ვილაპარაკეთ.

პრაქტიკულად, ხუთივეს შემთხვევაში ავადობაც შემცირდა და გამოჯანმრთელდნენ კიდეც და ბევრი უფრო მალე გაეწერა, ვიდრე დანარჩენი. რთულია 5 პაციენტიდან გამოტანილი დასკვნა ექსტრაპოლაციისთვის და იმის სათქმელად, რომ ეს იმოქმედებს, თუმცა ეს ნიშანი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ძალიან ბევრ საიტზე დაწყებულიყო ბევრი ფართომასშტაბიანი კვლევა. მაგალითად, 4-მილიონიანი კვლევა მხოლოდ ჰოპკინსში მიდის, რომელიც მისცემს პაციენტებს შრატებს და მალე დავინახავთ, იმედია, მუშაობს თუ არა. ამიტომ, მე ვისთანაც ხელი მიმიწვდებოდა, საქართველოშიც გადავეცი, რომ თუ იყო საშუალება, დაეწყოთ ბანკის შექმნა გამოჯანმრთელებული ადამიანების შრატისგან, რომ ის გვქონდეს კრიტიკულად მძიმე პაციენტებისთვის და გამოვიყენოთ საჭიროებისას.

რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ მკურნალობის ეს მეთოდი დეკადებია არსებობს და მეტ-ნაკლებად უსაფრთხოა და არ აქვს ბევრი გვერდითი ეფექტი, თან ჩვენივე მასალა შეგვიძლია გამოვიყენოთ და უცხოეთიდან ამას არ ველოდებით. ამიტომ ეს კარგი ამბავია.

უკვე მალე, იმედი გვაქვს, საქართველოშიც ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანი იქნება და შრატისა და სისხლის დონაციის გამოყოფის საშუალებაც გვექნება.

კითხვა მაქვს ფაუჩის პროგნოზთან დაკავშირებით, რომ აშშ-ში 200 000-მდე ადამიანს შეიწირავს ვირუსი. რამდენად რეალური გეჩვენებათ ეს ციფრი, თუ ფიქრობთ რომ განგებ გააზვიადა პრევენციის მიზნით?

ძალიან კარგი კითხვაა. რეიგანის შემდეგ უკვე მეექვსე პრეზიდენტია ტრამპი, ვისი მრჩეველიცაა ტონი ფაუჩი და აბსოლოტურად ლეგენდაა ჩვენს სფეროში და ყველა სიტყვას ვენდობი ხოლმე, რასაც ტონი ფაუჩი ამბობს. მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა, რომ მაგალითად, ადამიანები ზედმეტად არ დაზაფრო, მაგრამ ზედმეტად ტრაბახიც არ დაიწყო, რომ ყველაზე ძლიერი შენ ხარ და სხვები შენ გეკითხებიან რჩევას და ამით ზედმეტად არ მოდუნდეს ხალხი, როდესაც კრიტიკული პერიოდია და არ უნდა მოდუნდეს.

ამიტომ, დათვლებით, ვირუსის გავრცელების პოტენციალით და სიკვდილიანობით, ეს შეიძლება იყოს ყველაზე ცუდი შედეგი, სულ რომ არაფერი გვექნა და ვირუსი მიგვეშვა, ეს ალბათ ამ რიცხვს მიუახლოვდებოდა.

ტონი ფაუჩი ძალიან ჭკვიანი კაცია და ზუსტად იცის, აი, ეს ბალანსი როგორ დაიცვას, ზედმეტ დაზაფვრასა და მოდუნებას შორის.

მე მგონია და დიდი იმედი მაქვს, რომ იმ ზომებით, რაც აშშ-მა უკვე მიიღო, (აშშ-მა გვიან გაიღვიძა, მაგრამ ძალიან ეფექტურ ზომებს ატარებს), მასობრივი ტესტირების შედეგად და ყველა ზომის შედეგად, რომელსაც შტატები იღებენ, არა მარტო ვირუსს დავამარცხებთ, არამედ ჯანდაცვის სისტემა უფრო ძლიერი და მოქნილი გამოვა ეპიდემიის დასრულების შემდეგ.

ამიტომ, დიდი იმედი მაქვს და მგონია, რომ ამ რიცხვებს არ მიაღწევს. თუმცა საშიშროება ნამდვილად არსებობს, ამიტომ მაქსიმალურად ყველამ ერთად ხელი უნდა შევუწყოთ სისტემას, რომ რაც შეიძლება დაბალი სიკვდილიანობა დაფიქსირდეს.

გაფანტული სკლეროზის შემთხვევაში თუ არის წინასწარი ზომები მიღებული?

გაფანტული სკლეროზი, თავისთავად, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის მდგომარეობა, რომელიც ხშირად მოითხოვს ისეთ მედიკამენტებს, რომელიც იმუნურ სისტემას აქვეითებს, შესაბამისად, დიახ, დიდი ალბათობით ასეთი პაციენტების უმრავლესობა ჩაითვლება მაღალ რისკჯგუფში და მათი ოჯახის წევრებისთვის და ყველასთვის, ვინც მათთან კონტაქტშია, განსაკუთრებით არის რეკომენდაცია, ფრთხილად იყვნენ და ყველა რეკომენდაცია დაიცვან.

არსებობს თუ არა შანსი, რომ ვირუსი ხელმეორედ დაგვემართოს?

როგორც ვახსენე, იმედი გვაქვს, რომ იმუნიტეტი დამცავია და ამ სეზონზე მაინც რეინფიცირების შემთხვევები არ გვექნება, თუმცა ჯერ ზუსტად არ ვიცით 100 პროცენტით, სამწუხაროდ, და ამას დრო გვაჩვენებს, მალე, ზაფხულისთვის, ეს რიცხვები დაიდება, რამდენად ძლიერია იმუნიტეტი.


გარეკანის ფოტო: მამუკა მაჩაიძის Facebook-პროფილიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი