ახალი ამბები

ავსტრიის “გახსნის გეგმა”

6 აპრილი, 2020 • 1330
ავსტრიის “გახსნის გეგმა”

ავსტრიის კანცლერის, სებასტიან კურცის განცხადებით, მთავრობა მცირე მაღაზიებს გახსნის საშუალებას შემდეგ კვირას მისცემს, მიზანი კი არის, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა მაღაზია და მოლი პირველ მაისს გაიხსნას. ინფორმაციას ამის თაობაზე გარდიანი ავრცელებს.

ამის შემდეგ, კურცის გეგმის თანახმად, მაისის შუა რიცხვებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაიხსნას სასტუმროები და რესტორნები, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამის თაობაზე აპრილის ბოლოს მიიღებენ. რაც შეეხება საჯარო  ღონისძიებებს, ამ გეგმით, ივნისის ბოლომდე ქვეყანაში არავითარი ღონისძიება არ ჩატარდება.

რაც შეეხება სკოლებს, გეგმის თანახმად, სკოლები მაისის შუა რიცხვებამდე ვერ გაიხსნება.

მისივე თქმით, ორშაბათიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება.

კვირას ავსტრიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ ინფექციის ახალ შემთხვევებს გადააჭარბა.

კვირას დილით ახალი შემთხვევების რაოდენობა 270-ით გაიზარდა წინა დღესთან შედარებით, თუმცა გამოჯანმრთელებული ადამიანების სტატისტიკა 491-ით მეტი იყო შაბათთან შედარებით. ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს ავსტრიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

“ეს იმედის მომცემი რიცხვებია, მაგრამ ახლა… უნდა დავრჩეთ მობილიზებული და არ დავნებდეთ. არა – კერძო სააღდგომო დღესასწაულებსა და არდადეგებს”, – განაცხადა ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა.

ავსტრიაში კორონავირუსის პანდემიით 204 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 12 ათასზე მეტი ადამიანი.

კანცლერმა სებასტიან კურცმა მოსახლეობას მიმართა, რომ თუ სააღდგომო კვირა დისციპლინირებულად და წესების დაცვით ჩაივლის, “თანდათანობით და ფრთხილად” ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება ქვეყანაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი