ახალი ამბები

მიწა უნდა დამუშავდეს, რათა სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველვყოთ – ხაზარაძე

6 აპრილი, 2020 • 1858
მიწა უნდა დამუშავდეს, რათა სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველვყოთ – ხაზარაძე

“ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მთავრობამ სახელმწიფო პროგრამა უნდა შეიმუშაოს, რომელიც სოფლად მცხოვრებ ადამიანებს დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაში დაეხმარება. ამასთან, ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქტის იმპორტის შესამცირებლად საჭიროა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ათვისება კერძო სექტორთან ერთად მოხდეს.

“საქართველოში მიწა უნდა იყოს დამუშავებული, რათა უზრუნველვყოთ სასურსათო უსაფრთხოება ქვეყანაში.

ქვეყანაში პანდემიისგან შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა არის საკუთარი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება. სამწუხაროა, რომ ქვეყანა გადაქცეულია იმპორტირებული პროდუქციის მომხმარებლად, რაშიც 1 მლრ დოლარი იხარჯება. ეს იმ ქვეყანაში, სადაც პრაქტიკულად ყველანაირი პროდუქციის მოყვანა და წარმოებაა შესაძლებელი.

სახელმწიფოს ხელში დღეს არის დაახლოებით 250-300 ათასი სახნავ-სათესი მიწის ფართობი. ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, არ დაკარგოს დრო და კერძო სექტორთან ერთობლივი ოპერირებით დაამუშაოს ეს მიწები.

საქართველოს მოქალაქეებს დღეს 500 ათასამდე ჰექტარი მიწა აქვთ საკუთრებაში, ამ მიწების დიდი ნაწილის დამუშავება ვერ ხერხდება. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს კონკრეტული პროგრამების ამოქმედება, რათა მოხდეს აუთვისებელი მიწის ნაკვეთების დამუშავება”,-აცხადებს ხაზარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი