ახალი ამბები

მიზნობრივ ჯგუფებში აგრესიული ტესტირება დავიწყეთ, რაც შემდგომ გაფართოვდება – ტიკარაძე

6 აპრილი, 2020 • 1244
მიზნობრივ ჯგუფებში აგრესიული ტესტირება დავიწყეთ, რაც შემდგომ გაფართოვდება – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ე.წ. აგრესიული ტესტირება მიზნობრივ ჯგუფებში უკვე დაიწყო, თუმცა ამ პროცედურის გაფართოება იგეგმება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიზნობრივ ჯგუფებში კვლევის შედეგად ვირუსზე დადებითი პასუხი შემთხვევათა 10%-ში ვლინდება.

ტიკარაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე სამინისტროში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის რადიკალურ ზრდას არ ელოდებიან.

„ის კომპონენტი, როდესაც ჩვენ შევცვალეთ ალგორითმი და გარკვეულ მიზნობრივ ჯგუფებსაც ვიკვლევთ, როგორიც არის მედპერსონალი, ეს არის პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ჩვენ დავიწყეთ აგრესიული ტესტირება, ოღონდ მიზნობრივ ჯგუფებში, რაც შემდგომ გაფართოვდება კლასტერების უკეთ ამოცნობისა და დეტალური კვლევისთვის“, – ამბობს მინისტრი.

ტიკარაძეს ასევე ჰკითხეს, რატომ არის საქართველო, თავის მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, მილიონ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობით ბოლო ადგილზე.

მინისტრის თქმით, ქვეყანამ არაერთხელ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია გეგმური ნაბიჯების გადადგმა მაქსიმალური ეფექტიანობითა და მინიმალური დანახარჯით, „რათა გამოვლენილი იყოს ყველა კლასტერი და ყველა ინფიცირებული“.

„პანდემიასთან ბრძოლას გააჩნია თავისი გრადაცია, რასაც ჩვენ ვაკვირდებით და ვაკონტროლებთ. ყოველ ნაბიჯზე იცვლება [კვლევის] ალგორითმი და პრიორიტეტი.

აგრესიული ტესტირება, რა თქმა უნდა, არის პრიორიტეტი ჩვენთვის. უბრალოდ, მასაც გააჩნია კონკრეტული დრო და სივრცე – სად და როდის უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი“, – განმარტავს ტიკარაძე.

ეკატერინე ტიკარაძე ასევე ამბობს, რომ რაკიღა მოსალოდნელია ზრდა, ინფიცირებულთა კვლევის ალგორითმის შეცვლაც დაიწყება.

რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანა მზადაა იმისდა მიხედვით იმოქმედოს, თუ როგორი დღის წესრიგიც დადგება.

“საქართველოში პირველ ეტაპზე გვქონდა 5% დადებითი პასუხისა, დღეს 10%-ზეა ასული ყოველდღიური კვლევები შედეგად. ჩვენი ტაქტიკა ამ ეტაპზე მიზნობრივი ჯგუფების კვლევაა. ამ ჯგუფებში დადებითი პასუხი შემთხვევები 10%-ში გვხვდება. დანარჩენი ყველაფერი გაკეთდება, იმისდა მიხედვით, როგორ იქნება.

დაუდგენელი შემთხვევები ნაღმი რომ იყო ქვეყნებისთვის, ეს ბევრი ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა. ჩვენ ღიად ვამბობთ, რომ ქვეყანაში არის შემთხვევბი, რომელიც ჩვენ არ ვიცით“, – ამბობს იმნაძე.

როგორც ტიკარაძემ 18 მარტს განმარტა, აგრესიული ტესტირება  “გულისხმობს ყევლა იმ კლასტერის მოცვას და უფრო ზუსტ ცოდნას, თუ რომელ ჯგუფში არის გავრცელებული კორონავირუსი. მსგავსი ტესტირებები არის გავრცელებული გრიპის ვირუსზე. ზოგადად, ეს არის მიღებული პრაქტიკა, როდესაც ჩვენ ვაიდენტიფიცირებთ, არის თუ არა ქვეყანაში ეპიდემია”.

ვრცლად ამ თემაზე:

რას გულისხმობს კორონავირუსის აგრესიული ტესტირება – ტიკარაძის განმარტება


6 აპრილის 13:19 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევები 188-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 36, გარდაიცვალა – 2. ეს მაჩვენებელი ნიშნავს, რომ 150 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი