ახალი ამბებისამართალი

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ოქროპირიძე პატიმრობაში რჩება

18 სექტემბერი, 2015 • 1559
სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ოქროპირიძე პატიმრობაში რჩება

პროკურატურამ გიორგი ოქროპირიძე ლაშა მახარაძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 9-თვიანი პატიმრობის ვადა ოქროპირიძეს 12 ივნისს ამოეწურა. თუმცა 5 ივნისს ნაფიცმა მსაჯულებმა ოქროპირიძის მიმართ ვერდიქტი ვერ გამოიტანეს, რის გამოც თავიდან გახდა საჭირო ნაფიცი მსაჯულების შერჩევა და პროცესის განახლება. ამის შემდეგ, 8 ივნისს პროკურატურამ ოქროპირიძის ახალი ბრალდება წარუდგინა ცრუ დასმენისთვის და, შესაბამისად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორ დავით ნეფარიძის განმარტებით, ოქროპირიძის შემთხვევა განსხვავდება გიგი უგულავას საქმისგან:

“განმეორებითი პატიმრობა თავისუფლად შეიძლება იქნას გამოყენებული იმ დანაშაულზე, რომელიც პირს ჩადენილი აქვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებამდე, თუმცა ბრალის წარდგენის საფუძველი შეიქმნა მის მიმართ პატიმრობის გამოყენების შემდეგ”.

ადვოკატი დავით მოდებაძე არ ეთანხმება პროკურორის ასეთ განმარტებას და აცხადებს:

“2014 წლის 12 სექტემბერს, როდესაც ბრალის წაყენების საფუძველი არსებობდა და არ წაუყენეს, ავტომატურად ორივე საქმეზე ერთად მიმდინარეობდა ეს ცხრათვიანი ვადა, ანუ პროკურორის მოსაზრება, რომ თითქოს 8 ივნისს წაუყენეს ბრალი და ერთად არ მიმდინარეობდა 9-თვიანი პატიმრობა, მან არ გაიგო სწორად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება”.

აღნიშულ საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ ასეთი განმარტება გამოაქვეყნა:

“საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ბრალდებულის მიმართ განმეორებითი პატიმრობის გამოყენება ყოველთვის არ არის არაკონსტიტუციური. კერძოდ, პატიმრობის განმეორებით გამოყენება შესაძლოა იმ დანაშაულისათვის, რომელიც პირმა პირველ საქმეზე პატიმრობის შეფარდების შემდეგ ჩაიდინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა და ჩათვალა, რომ პატიმრობა გიორგი ოქროპირიძის მიმართ განმეორებით  გამოყენებულ იქნა მაშინ, როდესაც მან შესაძლო ახალი დანაშაული პირველი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ ჩაიდინა (ნაფიც მსაჯულთა განსჯადი ლ. მახარაძის განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმე).  მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა განმეორებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გაუქმების საფუძველი და, შესაბამისად, ბრალდებული გ. ოქროპირიძე ცრუ დასმენისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე რჩება პატიმრობაში.  

 

 
აღნიშნულ საქმეზე მომდევნო სხდომა გაიმართება 2015 წლის 24 სექტემბერს, 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში”. 
გიორგი ოქროპირიძე

გიორგი ოქროპირიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი