ახალი ამბები

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 286 ახალი ფაქტი გამოვლინდა – შსს

6 აპრილი, 2020 • 938
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 286 ახალი ფაქტი გამოვლინდა – შსს

შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 286  ახალი ფაქტი გამოვლინდა.

5 აპრილის 21:00 საათიდან 6 აპრილის დილის 06:00 საათამდე, კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 136 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, 82 მოქალაქე დააჯარიმეს. ამასთან, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 9 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 59  პირი დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი