ახალი ამბები

თბილისის ჰოსპიტალის მედპერსონალის 2 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

6 აპრილი, 2020 • 1085
თბილისის ჰოსპიტალის მედპერსონალის 2 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, მარეხი ბარქაიას განცხადებით, ჰოსპიტალის მედპერსონალის 2 წევრს Covid 19 დაუდასტურდა.

ბარქაია ამბობს, რომ მათი მდგომარეობა მსუბუქია, ის პაციენტები კი, ვისთანაც შეხება ჰქონდათ – უკვე კარანტინში არიან მოთავსებული. მისივე ინფორმაციით, მედპერსონალის ოჯახის წევრებთან ვირუსის დასადგენად ეპიდემიოლოგები ამ დრომდე მუშაობენ.

„გუშინ მოგვიანებით მოვიდა ორი პასუხი. ეს იყო ჩვენი ე.წ. დაბალი მედპერსონალი, მათ დაუდასტურდათ კორონავირუსი, მდგომარეობა მსუბუქია, თუმცა ისინი მაინც გადაიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“, – აცხადებს ბარქაია.

მისივე ინფორმაციით, ეპიდემიოლოგებს მედპერსონალის ინფიცირების წყაროსთან დაკავშირებით ამ დროისთვის ორი ვარაუდი აქვთ: ან ისინი შემომტანი/მატარებლები იყვნენ ვირუსის, ან ინფიცირება შემდგომ მოხდა.

„ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით, გუშინ კლინიკაში მიღება შეჩერდა, სანამ არ განისაზღვრა ტემპერატურა მომსახურე მედპერსონალთან, რის შემდეგაც ღამე გაიხსნა მიღება“, – ამბობს ექიმი.

ამჟამად თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 50 ადამიანი მკურნალობს, აქედან ერთი რეანიმაციაშია, 49 კი თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობს. გუშინ მიღებული პაციენტებისგან 38 ნიმუშები ლუგარში გადააგზავნეს, 4 პაციენტი კი დადასტურებული ვირუსით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.


6 აპრილის 10:49 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევები 188-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 36, გარდაიცვალა – 2. ეს მაჩვენებელი ნიშნავს, რომ 150 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი