ახალი ამბები

“სურთ ჯოხი დაბალჩინოსნებზე გადატეხონ” – “სირცხვილია” ომბუდსმენის ანგარიშში შესულ გარემოებებზე

4 აპრილი, 2020 • 1448
“სურთ ჯოხი დაბალჩინოსნებზე გადატეხონ” – “სირცხვილია” ომბუდსმენის ანგარიშში შესულ გარემოებებზე

მოძრაობა “სირცხვილია” რომელიც 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ ფართომასშტაბიან მანიფესტაციებს მართავდა, ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით, სადაც 20 ივნისის საქმეზე გამოძიების მასალებია განხილული განცხადებას ავრცელებს.

მოძრაობაში აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის დასკვნა ცხადყოფს, რომ თებერვლის მდგომარეობით, გამოძიება ხარვეზებით მიმდინარეობს.

“სირცვილია” აცხადებს, რომ გამოძიება არ ინტერესდება „გავრილოვის ღამის“ სისტემური სამართლებრივი ანალიზით და მხოლოდ ინდივიდუალურ სამართალდამცველების დანაშაულებს იკვლევს. ამასთან მათი თმით, არ არის კრიტიკული მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვისას, არ ცდილობს მოიპოვოს საშუალო რგოლის თანამდებობის პირების რაციის ჩანაწერები და არც ვიდეოჩანაწერებს ითხოვს.

ამასთან მოძრაობაში ამბობენ, რომ ომბუდსმენის მიერ გასაჯაროებული მასალების იხედვით, გამოძიება არ ცდილობს, დაადგინოს ადგილზე მყოფი პასუხისმგებელი პირების შესაძლო დანაშაულებრივი უმოქმედობა და არ ნიშნავს ექსპერტიზას შს სამინისტროს ხელმძღვანელობის ჩანაწერებზე და არც უშუალოდ მეთოფეების სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველ ინფორმაციას გამოითხოვს:

მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ საკითხისადმი მიზანმიმართულად ზერელე დამოკიდებულება და დანაშაულის დაფარვის მცდელობები მიანიშნებს. და ფიქრობენ, რომ რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების სურვილია, ჯოხი დაბალჩინოსნებზე გადატეხონ და სისტემური დანაშაულის არსებობა არ აღიარონ.

“სირცხვილიას” თქმით, ანგარიშიდან ირკვევა, რომ რაციების ჩანაწერების მიხედვით, შს მინისტრი, მისი მოადგილეები და სხვა დაქვემდებარებული პირები ეწინააღმდეგებოდნენ აქციის დაშლისას რეზინის ტყვიების გამოყენებას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი კი ხან იგნორირებას უკეთებდა ბრძანებას, არ ესროლათ, ხანაც ატყუებდა მათ, რომ რეზინის ტყვიებს არ ისვრიან:

“გამოდის, გამოძიება ან მალავს რეზინის ტყვიების სროლის საბედისწერო ბრძანების შემცველ ჩანაწერებს, ან პირდაპირ გვეუბნება, რომ 20 ივნისს საკუთარ მოქალაქეებზე მთელი ღამის განმავლობაში ბრძანების გარეშე ნადირობდნენ, მეთაურები კი გულგრილად ადევნებდნენ ამას თვალს, როდესაც მკაფიო ბრძანება ჰქონდათ ხელმძღვანელობისგან რეზინის ტყვიების არგამოყენებაზე” – აცხადებენ მოძრაობაში.

საკუთარ განცხადებაში “სირცხვილია” ინტერესდება თუკი გამოძიება არაფერს მალავს:

1. რატომ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსზე, გიორგი ყაყიჩაშვილზე?
2. თუ რეზინის ტყვიების სროლის ბრძანება არ ყოფილა და მეთოფეებმა თავად გადაწყვიტეს ეს, შემდეგ კი ეშხში შევიდნენ და მშვიდობიან მანიფესტანტებს, ჟურნალისტებს დამიზნებით ესროდნენ, შს სამინისტრო რატომ მოეკიდა გაგებით უაზრო სისხლისღვრის მიმართ გამოვლენილ ენთუზიაზმს?
3. თუ სამინისტრო ეცადა სისხლისღვრის შეჩერებას, მაგრამ მინისტრის და მისი მოადგილეების ბრძანებებს აიგნორებდნენ, რატომ არ დადგა არაკომპეტენტურობისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი?
4. თუ მეთოფეები პარლამენტში მყოფ შს მინისტრზე იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი პირისგან წამოსულ ბრძანებას ასრულებდნენ, ვინ იყო ეს ადამიანი?

მათი თქმით, ყველა ეს კითხვა რიტორიკულია, რადგან მიიჩნევენ, რომ ძნელად მოიძებნება საქართველოს მოქალაქე, რომელმაც არ იცის, ვისი ერთპიროვნული ნებით იმართება ქვეყანა და ვის ნებას ემსახურება მისი ყველა ინსტიტუტი:

“ჩვენ თავიდანვე უნდობლობა გამოვუცხადეთ უწყებას, რომელიც საკუთარი თავის წინააღმდეგ აწარმოებდა გამოძიებას. ყოველ ჯერზე, როდესაც სისტემური დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, ხელისუფლებამ არა მხოლოდ დაიცვა დამნაშავეები, არამედ ახალ თანამდებობებზე აამაღლა ისინი, უკან წაიღო მოქალაქეებისთვის მიცემული დაპირებები და პოლიტიკური პატიმრებით უპასუხა საზოგადოებრივ უკმაყოფილებას” – აცხადებენ მოძრაობაში.

“სირცვილია” საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მათ სჯერათ მედპერსონალის შრომით, მოქალაქეთა ინდივიდუალური პასუხისმგებლობებითა და ერთიანი ძალებით პანდემია დამარცდება:

“ჩვენ ადამიანთა სიცოცხლეებთან ერთად, ჩვენი უფლებებიც უნდა დავიცვათ, რათა ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილმა და არაფორმალურად მართულმა ხელისუფლებამ შექმნილი კრიზისით არ ისარგებლოს და ისედაც არაჯანსაღი ქართული დემოკრატიის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს მისივე დაცვის საბაბით, როგორც ეს “გავრილოვის ღამეს” გააკეთა” – აცხადებენ მოძრაობაში.

ვრცლად ომბუდსმენის ანაგარიში წაიკითხეთ:

გახარია და მისი მოადგილეები ჩვენებებში უარყოფენ, რომ 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება მათ გასცეს

მასალების გადაბეჭდვის წესი