ახალი ამბები

შსს: 24 საათში საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 421 ფაქტი გამოვლინდა

4 აპრილი, 2020 • 681
შსს: 24 საათში საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 421 ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 421 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 3 აპრილის 21 საათიდან 4 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 180 მოქალაქე დააჯარიმეს.

გარდა ამისა, შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 72 მოქალაქე დააჯარიმა. 1 ფიზიკური პირი კი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, შსს-მ თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინა.

ასევე, უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს.

უწყების განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი