ნეტგაზეთი | საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ოქროპირიძის გათავისუფლებას ითხოვენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ოქროპირიძის გათავისუფლებას ითხოვენ – Netgazeti

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ოქროპირიძის გათავისუფლებას ითხოვენ

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს ანალოგიური მოთხოვნით უკვე მიმართეს გიორგი ოქროპირიძის ადვოკატებმა.

“ჩენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს ჩვენი კანონიერი მოთხოვნა, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლომაც იმსჯელა ანალოგიურ ფაქტზე, შესაბამისად, პირი არ შეიძლება დაპატიმრებული იქნეს 9 თვეზე მეტი ვადით, ხოლო ოქროპირიძის შემთხვევაში ეს გახლავთ 12 თვეზე მეტი. შესაბამისად, ერთადერთი სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება იქნება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, რომ გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული გიორგი ოქროპირიძე”, – განაცხადა ადვოკატმა მათე ხარჭამაძემ.

პროკურატურამ გიორგი ოქროპირიძე ლაშა მახარაძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 9-თვიანი პატიმრობის ვადა ოქროპირიძეს 12 ივნისს ამოეწურა. თუმცა 5 ივნისს ნაფიცმა მსაჯულებმა ოქროპირიძის მიმართ ვერდიქტი ვერ გამოიტანეს, რის გამოც თავიდან გახდა საჭირო ნაფიცი მსაჯულების შერჩევა და პროცესის განახლება. ამის შემდეგ, 8 ივნისს პროკურატურამ ოქროპირიძის ახალი ბრალდება წარუდგინა ცრუ დასმენისთვის და, შესაბამისად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა 17 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლის მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადდა სსსკ-ის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ, მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე, მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

გიორგი ოქროპირიძე

გიორგი ოქროპირიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი