ახალი ამბები

Covid-19-ის აპლიკაცია ნებაყოფლობითი იქნება – ტიკარაძე

3 აპრილი, 2020 • 3267
Covid-19-ის აპლიკაცია ნებაყოფლობითი იქნება – ტიკარაძე

ტრეკერი მობილური აპლიკაცია, რომლის მიზანიც კორონავირუსის გავრცელების პრევენცია უნდა იყოს, საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

“აპლიკაცია გატესტილია რამდენიმე ქვეყანაში, აღსანიშნავია, რომ კორეაში აპლიკაციის საშუალებით წარმატებულად მოხდა კორონავირუსის მართვა, ვინაიდან აპლიკაციაში კონკრეტულად იყო გამოყოფილი, თუ ვინ იყვნენ საკონტაქტო პირები, რაც ადამიანებს აძლევდა იმის საშუალებას, რომ თავი აერიდებინათ სარისკო კონტაქტებისგან და ასევე დროუალად დაეფიქსირებინათ და მიემართათ ექიმებისთვის იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაცია უჩვენებდა მათ საეჭვო კონტაქტთან ახლო რადიუსზე ყოფნას.

საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელიც კოვიდთან ბრძოლას გააგრძელებს აპლიკაციით. აპლიკაციაში ჩართვა და მისი გადმოტვირთვა იქნება ნებაყოფლობით, მაგრამ რადგან კოვიდთან ბრძოლა არის დამოკიდებული და დამყარებული ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობაზე და ეს პასუხისმგებლობა უნდა იყოს ყველა მოქალაქისთვის ძალიან მაღალი, ვინაიდან აქ ჩვენ პასუხს ვაგებთ როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ასევე, ჩვენს მშობლებზე და ჩვენს შვილებზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ნებაყოფლობით ჩაერთვება აპლიკაციაში საკუთარი ოჯახის წევრების და საკუთარი თავის უსაფრთხოებისთვის.

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, მოქალაქეების რა ნაწილს შეუძლია ჩერთოს ამ აპლიკაციაში და შედეგად გამოვლინდა, რომ ჩვენ შეგვიძლია სოციალური დისტანცირების და პრევენციის გაზრდა 40%-მდე. ეს იქნება ძალიან ეფექტური შედეგის მომცემი იმისთვის, რომ ჩვენ აღვკვეთოთ კოვიდის გავრცელება საქართველოში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

კორონავირუსის ტრეკერი აპლიკაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არის შექმნილი. ზოგგან ეს კერძო პირების ინიციატივა იყო, ზოგან კი აპლიკაცია ხელისუფლებამ შექმნა.

სხვადასხვა ქვეყნებში აპლიკაციას განსხვავებული დატვირთვა აქვს: მაგალითად, პოლონეთში მისი მეშვეობით თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს უნდა დაემტკიცებინათ, რომ სახლში იყვნენ, სამხრეთ კორეაში კი კერძო პირების მიერ შექმნილი აპლიკაცია აჩვენებდა, თუ რა ადგილებში იყო კორონავირუსით დაავადების შემთხვევები.

მასალების გადაბეჭდვის წესი