ახალი ამბები

მინისტრების ნაწილი სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრება

3 აპრილი, 2020 • 1682
მინისტრების ნაწილი სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრება

მაია ცქიტიშვილი, ნათია თურნავა, ეკატერინე ტიკარაძე და ლევან დავითაშვილი სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრებიან. ამის შესახებ მინისტრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს ჟურნალისტების შესაბამისი კითხვების საპასუხოდ.

დღეს, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სწორედ ამ მინისტრებმა გააკეთეს განცხადებები.

ზემოხსენებული მინისტრების ნაწილის თქმით, ისინი სააღდგომო ლიტუგრიას ტელევიზორიდან მიადევნებენ თვალყურს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის თქმით, კომენდანტის საათის დროს დაწესებული აკრძალვები თანაბრად ეხება ყველას, მათ შორის, ეკლესიასაც. ამის შესახებ ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ცქიტიშვილს “ფორმულამ” ჰკითხა, ჩაითვლება თუ არა კომენდატის საათის დარღვევად 21 საათამდე მრევლის შეკრება ეკლესიაში და იქ დარჩენა დილის 6 საათამდე, როგორც ამას სასულიერო პირები აღდგომის დღესასწაულზე აპირებენ.

“კომენდანტის საათის პირობები არის ძალიან მკაფიო და გადაადგილება 21 საათიდან დილის 6 საათამდე არ არის ნებადართული. ამასთან ერთად, არ არის ნებადართული სამ ადამიანზე მეტი ადამიანის შეკრება. შესაბამისად, ამ ორი პირობის კომბინაციით, პასუხი ამ კითხვაზე არის, რომ, რა თქმა უნდა, დაირღვევა კომენდანტის საათი იმ შემთხვევაში, თუ გვექნება მასობრივი შეკრება ეკლესიაში ან ნებისმიერ სხვა სივრცეში. ასევე, თუ დაფიქსირდება მოქალაქეთა გადაადგილება 21 საათიდან დილის 6 საათამდე”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია შესაძლებლად მიიჩნევს, რომ კომენდანტის საათის პირობებში მრევლი სააღდგომო ლიტურგიაზე 21:00 საათამდე მივიდეს და ეკლესია 06:00 საათის შემდეგ დატოვოს.

“ჩვენმა პატრიარქმა და ეკლესიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ ღალატობს იმ ღირებულებებს, რომელიც უმთავრესია ქრისტიანისთვის. მისმა უწმინდესმა გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ აუცილებელია დისტანციის დაცვა, წესები უნდა დავიცვათ. თუ ადამიანს შეუძლია პურის რიგში, ხორციელი საკვების რიგში დგომა, რატომ უნდა ეკრძალებოდეს სულიერი პურის მოსაპოვებლად რიგში დგომა?!

ჩემი აზრით, თავისუფლად შესაძლებელია, ადამიანები 21:00 საათამდე მოვლენ ეკლესიაში, ტაძარში ჩვენთან დანიშნული იქნება, სად უნდა იდგნენ, გადანაწილდებიან და დილის 06:00 საათის შემდეგ სახლებში წავლენ”, – განუცხადა შალვა კეკელიამ ტელეკომპანია “ფორმულას”.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, იგივე მოსაზრება აქვთ თუ არა საქართველოს საპატრიარქოში. საპატრიარქოს პრესსპიკერ ადნრია ჯაღმაიძის თქმით, ჯერჯერობით საპატრიარქოში არ ყოფილა მსჯელობა, რა სახით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია და როცა ამის დრო მოვა, მართლმადიდებელი ეკლესია მრევლს თავად გააგებინებს.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საქართველოში 21:00-დან 06:00 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი. შესაბამისად, ბუნდოვანია, როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია, რომელიც, ტრადიციულად 23:00 საათზე იწყება. პატრიარქ ილია II-ის გადაწყვეტილებით, მრევლს ეძლევა რეკომენდაცია, წირვის მიმდინარეობისას ეკლესიის ეზოში, ღია სივრცეში იყვნენ და ასე მიიღონ ლოცვაში მონაწილეობა.

„ლიტურღიის შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ მარტო სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, დიდ საკათედრო ტაძრებში კი — შეზღუდული რაოდენობით მრევლიც“, – წერს ილია II პირველ აპრილს გავრცელებულ მიმართვაში.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე მოქმედებს, აღდგომა კი მიმდინარე წელს 19 აპრილს აღინიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი