ახალი ამბები

ცქიტიშვილი: დღეს ვერ გვექნება პასუხი, რამდენ ადამიანს რა თანხით დავეხმარებით

3 აპრილი, 2020 • 1269
ცქიტიშვილი:  დღეს ვერ გვექნება პასუხი,  რამდენ ადამიანს რა თანხით დავეხმარებით

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რამდენ ადამიანს და რა ოდენობის თანხით დაეხმარება სახელმწიფო, რადგან ამ დროისთვის მთავრობას ზუსტი რიცხვები არ აქვს.

ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ კონკრეტული თანხის და ბენეფიციართა რაოდენობის დასახელებას მას შემდეგ შეძლებენ, რაც გაირკვევა, თუ რამდენი ადამიანი დარჩა ხელფასის გარეშე. აპრილის თვეში კი, მინისტრის თქმით, მხოლოდ იმის შეფასება იქნება შესაძლებელი, მარტში რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური:

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რა რაოდენობის ადამიანებს დავეხმარებით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა რაოდენობის ადამიანი დაკარგავს სამსახურს. ჩვენ დღეს ამ კითხვაზე პასუხი ვერ გვექნება. ამიტომაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნებისმიერი დაპირება დღეს, რომ ჩვენ დავეხმარებით ამდენ ათას ადამიანს ამდენი ლარით,  ან ამდენი თვის განმავლობაში, იქნება საფუძველს მოკლებული, იქნება რეალობისგან მოწყვეტილი.

ჩვენ შევძლებთ კონკრეტული ციფრების დასახელებას, კონკრეტული თანხების შეთავაზებას ან კონკრეტული რაოდენობების დასახელებას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ შევძლებთ, თუნდაც აპრილის თვეში,  შევაფასოთ, რამდენმა ადამიანმა აღარ აიღო ხელფასი მარტის განმავლობაში. მხოლოდ აპრილის თვეში ჩვენ შევძლებთ იმის შეფასებას, თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური მარტში. შესაბამისად, მაისში შევძლებთ იმის შეფასებას, თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური აპრილში და ა.შ.”, – ამბობს მინისტრი.

მისი თქმით, მთავრობა იმედოვნებს, რომ დახმარების პაკეტი, რაც მათ ბიზნესს შესთავაზეს, დაეხმარება მათ სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში და მარტის განმავლობაში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ბევრი არ იქნება:

“პირველი, რაც არაერთხელ აღვნიშნე, ჩვენ ვიმედოვნებთ იმ დახმარებების პაკეტით, რაც უკვე შევთავაზეთ ქართულ ბიზნესს, ბიზნესი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, აღნიშნული სოლიდარული მონაწილეობის შედეგად ბიზნესის მხრიდან ჩვენ მარტის თვის განმავლობაში არ გვეყოლება ბევრი ადამიანი, რომლმაც შესაძლოა დაკარგოს სამსახური. ჩვენ შევძლებთ შევაფასოთ დახმარების მოცულობა და მიმღები პირების რაოდენობა, რაც გვეცოდინება ციფრები”, – ამბობს ცქიტიშვილი.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა თვითდასაქმებულებზეც ისაუბრა. ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს ყველა სოციალური ჯგუფის იდენტიფიცირებაზე, რომელსაც კორონავირუსის გამო ზიანი მიადგება და მათზე მორგებულ პაკეტებს შექმნის. ამ ეტაპზე კი, ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ ეს ადამიანები კომუნალურ გადასახადებსა და სესხებზე დაწესებული შეღავათებით ისარგებლებენ:

“რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც იყვნენ თვითდასაქმებულები, აქაც მოგეხსენებათ, ჩვენ მათი დახმარების ნაწილშიც ვავრცელებთ იმ დახმარებებს, რომელიც ეხება კომუნალურ გადასახადებს. ასევე ბანკებმა და მიკროსაფინანსოებმა უკვე შესთვაზეს შეღავათები, რომლის ფარგლებშიც 3 თვის განმავლობაში გადაუვადდათ სესხების გადახდა.

რა თქმა უნდა, ისევ განვმეორდები, 2- მილიარდიანი დახმარების პაკეტი რომ გავაჟღერეთ, ვთქვით, რომ გავაგრძელებთ იმ სოციალური ფენების იდენტიფიცირებას, ვისაც მიადგება ზიანი და გავაგრძელებთ დამატებითი პაკეტების გაჟღერებას”, – ამბობს ცქიტიშვილი.

რაც შეეხება შემოსავალდაკარგულთა იდენტიფიცირებას, ცქიტიშვილი ამბობს, რომ მთავრობა შემოსავლების სამსახურის მონაცემებს დაეყრდნობა, სადაც საშემოსავლო გადამხდელთა მონაცემები იყრის თავს. მინისტრი აღნიშნავს, რომ ამ გზით ისინი შეაფასებენ, თუ ვინ ვერ მიიღო ხელფასი და რა მოცულობის თანხებთან შეიძლება ჰქონდეთ საქმე:

‘საშემოსავლო გადასახადები აისახება შემოსავლების სამსახურში. საშემოსავლო გადასახადის გადამხდელთა შემცირებით განვსაზღვრავთ, რამდენმა ვერ მიიღო ხელფასი და შევძლებთ შევაფასოთ, რა მოცულობის თანხებთან შეიძლება გვქონდეს საქმე, რა მოცულობის თანხები იქნება საჭირო ამ ადამიანების დასახმარებლად იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს ბიუჯეტს ექნება, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით. მას შემდეგ შევძლებთ დახმარების პაკეტის გაჟღერებას” ,- ამბობს ცქიტიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი