ახალი ამბები

ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორებს მიმართავს

3 აპრილი, 2020 • 1414
ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორებს მიმართავს

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვანი ინექცია სჭირდება სტრატეგიული მეგობრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რათა პანდემიის მიმდინარეობისას ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური წონასწორობა, პანდემიის დასრულების შემდეგ კი გადარჩეს.

“საქართველოს მთავრობის წინაშე დგას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებებელი აუცილებლობა და, როგორი კრიტიკულებიც არ უნდა ვიყოთ მათ მიმართ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ მცდელობაში. ჩვენი ქვეყნის საერთო და სასიცოცხლო ინტერესია, მიიღოს ის საერთაშორისო დახმარება, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას, როგორც დღევანდელს, ასევე არჩევნების შემდგომ ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების შესაბამისად ფორმირებულ მთავრობას, მისცემს მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას”, – წერია განცხადებაში.

ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო მოძრაობებმა განცხადებით აშშ-ის მთავრობას, დიდი ბრიტანეთის მთავრობას, კანადის მთავრობას, ნორვეგიის მთავრობას, შვეიცარიის მთავრობას, ევროკავშირს, მსოფლიო ბანკს, სავალუტო ფონდს, ევროპის განვითარების ბანკს, EBRD-ს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, Development Bank-ს, აზიის განვითარების ბანკს და JICA-ს მიმართეს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად მიღებული ზიანი რთულად გათვლადია და მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი საფრთხეს შეუქმნის “მყიფე დემოკრატიას, რომელმაც მიმდინარე წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, მნიშვნელოვან გამოცდას უნდა გაუძლოს”, – წერია განცხადებაში.

“ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური განსხვავებები ხელისუფლებასთან, რომლისგანაც, მიუხედავად კრიზისისა, ველოდებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმის განხორციელებასა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში დღეს შექმნილ ვითარებას განვიხილავთ, როგორც დემოკრატიის გაძლიერების, საერთო ეროვნული კრიზისის ფონზე, მრავალპარტიული თანამშრომლობის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთიანი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

გირჩი
ევროპული საქართველო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი საქართველო
რესპუბლიკური პარტია
სამოქალაქო მოძრაობა
თავისუფალი საქართველო
ევროპელი-დემოკრატები
პარტია სამართლიანობისთვის
მოძრაობა ახალი საქართველოსთვის
გამარჯვებული საქართველოსთვის
კანონი და სამართალი
თავისუფალი დემოკრატები
საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო
ემსახურე საქართველოს
სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის
საქართველო ლიდერთა შორის
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
ლელო საქართველოსთვის
ნატო ჩხეიძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი

მასალების გადაბეჭდვის წესი