ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, რომელიც კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში ჩატარდა, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომებზე შეთანხმდნენ.
ეს მოიცავს საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ისეთ ინიციატივებს, როგორებიცაა:
- საქართველოსა და უკრაინის უფრო მეტად ჩართვა შავ ზღვაზე დაგეგმილ ნატო-სა და წევრი-ქვეყნების სწავლებებსა და წვრთნებში;
- ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავება;
- საქართველოს ჩართვა შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სივრცის მონაცემთა გაცვლის რეგიონალურ პროგრამაში;
- უკრაინის უფრო მეტად ჩართვა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრსა (JTEC) და საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) დაგეგმილ ღონისძიებებში.
“მნიშვნელოვანია, რომ ნატო-სთვის და ზოგადად, მსოფლიოსთვის ასეთ რთულ ვითარებაში ალიანსი კვლავაც ერთგული რჩება საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი და მეტიც, კონკრეტული გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო აღრმავებს თანამშრომლობის ფორმატებს. დღევანდელ მინისტერიალზე მიღებული ზომები კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან, გააძლიერებს ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს და მდგრადობას და კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ნატო-ში გაწევრიანების საბოლოო მიზანთან.”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.