ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს პლენუმი საკონსტიტუციოს მოსამართლეს დანიშნავს

3 აპრილი, 2020 • 1248
უზენაესი სასამართლოს პლენუმი საკონსტიტუციოს მოსამართლეს დანიშნავს

მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი მოწოდებისა, უზენაესი სასამართლო დღეს პლენუმის სხდომას მაინც ჩაატარებს.

ამ სხდომაზე, რომელსაც სულ მცირე პლენუმის 22 მოსამართლე და თავმჯდომარე უნდა ესწრებოდნენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე კვოტით უნდა დაინიშნოს. საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრიდან 3 წევრს უზენაესი სასამართლო ნიშნავს.

აღნიშნულ პროცესს უკვე გამოეხმაურა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სასამართლოს თემაზე მუშაობს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

„საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის დანიშვნა საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება პროცესზე საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა მიერ კონტროლის განხორციელება, დაუშვებლად მიგვაჩნია.

მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ჯერ კიდევ ინარჩუნებს საზოგადოების მხრიდან ნდობასა და ავტორიტეტს,  მოსამართლის არსებულ გარემოებებში და დახურულ კარს მიღმა დანიშვნა უარყოფითად იმოქმედებს როგორც თავად დანიშნული მოსამართლის, ისე მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციაზე,“.

ამასთანავე, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2019 წლის 5 დეკემბერს ამოეწურა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ, კანონის მოთხოვნისა და სამოქალაქო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში  საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე არ დანიშნა.

„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში პლენუმის სხდომის აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად დანიშვნა, შესაძლოა, მოტივირებული იყოს არა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, არამედ პროცესზე საზოგადოებრივი მეთვალყურეობის თავიდან ასაცილებლად“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

ამ წერილს ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); კონსტიტუციის 42-ე მუხლი;ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF) ;პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); კავშირი „საფარი“; დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის;ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); თანასწორობის მოძრაობა; ადამიანის უფლებათა ცენტრი; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი; ევროპის ფონდი.


საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე უზენაესს ჯერ კიდევ 31 უნდა დაენიშნა, თუმცა, ეს სხდომა შემდგომ გადადო.

31 მარტის დილის 8 საათიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. სხვა შეზღუდვებთან ერთად კი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, 3 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა.

ნეტგაზეთმა ჰკითხა უზენაესს, ამ შეზღუდვის პირობებში როგორ შეიკრიბება პლენუმი, რაზეც გვიპასუხეს, რომ მსგავსი შეზღუდვა სახელმწიფო უწყებებს არ ეხებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი