ახალი ამბები

კორონავირუსის გამო პანკისელი მუსლიმები პარასკევის ლოცვაზე არ შეიკრიბებიან

2 აპრილი, 2020 • 2165
კორონავირუსის გამო პანკისელი მუსლიმები პარასკევის ლოცვაზე არ შეიკრიბებიან

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო პანკისში მცხოვრები მუსლიმი მოქალაქეები პარასკევის ლოცვაზე არ შეიკრიბებიან. შესაბამისი ვიდეომიმართვა შეიხ აბდულ-ქერიმმა ჩეჩნურ ენაზე გაავრცელა.

რამზან გორგიშვილის თარგმანის მიხედვით, შეიხ აბდულ-ქერიმი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსისგან მომდინარე საფრთხეა. ვირუსი სწრაფად ვრცელდება მსოფლიოში და საქართველოში. გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ხელშემყობი კი ადამაინთა მასობრივი თავშეყრა შეიძლება გახდეს.

შეიხი აბდულ ქერიმი

შეიხის თქმითვე, ზოგჯერ დაავადება სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, “ჩვენ შეიძლება ჯანმრთელი გვეგონოს და ურთიერთობა გვქონდეს ამ ადამიანთან, ხვალ კი მას ვირუსი თუ აღმოაჩნდება, ჩვენი დაინფიცირების საფრთხეც იზრდება.”

“ჯუმა ნამაზის კოლექტიური შესრულება თითოეული მუსლიმისთვის სავალდებულოა, თუმცა, გარკვეული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორისაა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საშიშროება, ისლამი მრევლს ამ ვალდებულებისგან ათავისუფლებს.

როდესაც ვამბობთ, რომ მეჩეთში ჯუმა ნამაზის კოლექტიური ლოცვა ჩატარდება, მაშინ ბევრი არ ჩერდება სახლში და მოდის, ბევრს მეჩეთისკენ მოუწევს გული. ამიტომ, თუ ლოცვას გავაჩერებთ, მას სახლში დარჩენის მეტი თავისუფლება მიეცემა.

ვისაც მეჩეთში მოსვლა უნდა, მაგრამ ჩვენს მიერ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ვერ ახერხებს, სახლში დარჩება და ილოცებს, ღვთის წყალობით ისევე მიეწევა მადლი და დაუფასდება, როგორც ჯუმაზე მეჩეთში მოსულს”, – აცხადებს შეიხი ვიდეომიმართვაში.


სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ ჯერ კიდევ 18 მარტს განაცხადა, რომ მეჩეთებში ლოცვის წესს ცვლიან. დროებით აღარ იქნება ტრადიციული ქადაგებები, მლოცველებს კი მიეცათ რეკომენდაცია, თავი შეიკავონ პარასკევისა და  სხვა ლოცვების ჯამაათით შესრულებისგან მეჩეთებში.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/261225/

მასალების გადაბეჭდვის წესი