ახალი ამბები

საკითხი გადაწყდება ქვეყნის და ეკლესიის ინტერესების დაცვით – კობახიძე საგანგებოზე

2 აპრილი, 2020 • 935
საკითხი გადაწყდება ქვეყნის და ეკლესიის ინტერესების დაცვით – კობახიძე საგანგებოზე

ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება ეკლესიასთან მუდმივ კომუნიკაციაშია და, შესაბამისად, ჩატარდება თუ არა რელიგიური რიტუალები საყოველთაო კარანტინის დროს, ამ კომუნიკაციის შედეგად გადაწყდება.

კობახიძეს დღეს ბრიფინგზე ჰკითხეს, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს სახელმწიფო იმისთვის, რომ საეკლესიო დღესასწაულების დროს საგანგებო რეჟიმის ზომები არ დაირღვეს. 31 მარტიდან საქართველოში 3 ადამიანზე მეტის შეკრება საყოველთაო კარანტინით იკრძალება.

„ხელისუფლება მთლიანად მართავს ვითარებას და ამ მართვის ნაწილია კონსულტაციები ყველასთან, ვისთანაც კონსულტაციები მნიშვნელოვანია. მუდმივი კონსულტაციები გვაქვს ეკლესიასთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან.

დარწმუნებული ვარ, საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ქვეყნის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკლესიის ინტერესებში. ჩვენ გვექნება აბსოლუტურად დაბალანსებული გადაწყვეტილება ამ მიმართულებით“, – ამბობს კობახიძე.

მანამდე ეკლესიასთან კომპრომისულ გადაწყვეტილებაზე პრემიერი გიორგი გახარიაც საუბრობდა. ის 30 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ კი პრემიერმა აღნიშნა: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააღდგომო დღესასწაულებამდე გავუმკლავდეთ [კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობას], თუმცა ამის გარანტია არათუ საქართველოში, არამედ გლობალურად მსოფლიოში არ არსებობს”.


საქართველოში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. საყოველთაო კარანტინის პირობებში სხვა შეზღუდვებთან ერთად იკრძალება 3-ზე მეტი პირის შეკრება, გარდა ბანკებისა, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია. ]

2 აპრილის 17 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 130 ადამიანს, საიდანაც 26 გამოჯანმრთელდა.

ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი