ახალი ამბები

ონლაინ ვაჭრობის უფლების მისაღებად კომპანიებს პირობების შესრულება მოუწევთ

2 აპრილი, 2020 • 1499
ონლაინ ვაჭრობის უფლების მისაღებად კომპანიებს პირობების შესრულება მოუწევთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ადასტურებს, რომ ქვეყანაში აკრძალულია ყველა პროდუქციის ონლაინ გაყიდვა, გარდა სამედიცინო დანიშულებისა და სურსათისა.

როგორც მინისტრმა “პოსტ ტვ-ის” ეთერში განაცხადა, თუ გამყიდველი/მიმწოდებელი კომპანიები დაარწმუნებენ მთავრობას, რომ პროდუქციას მომხმარებლამდე უსაფრთხოების წესების დაცვით მიიტანენ, შესაძლოა, მთავრობამ გადაწყვეტილების შეცვლაზეც იფიქროს.

“უნდა დავრწმუნდეთ, რომ იმ ადამიანს, რომელსაც ონლაინ შეძენილი პროდუქცია (გარდა სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების პროდუქციისა) მომხარებლამდე მიაქვს და დღის განმავლობაში შეხება აქვს ათობით ოჯახთან, ასეთი კონტაქტი საფრთხეს არ წარმოადგენს. ამაში თავად ბიზნესმა უნდა დაგვარწმუნოს. ეს მიუღწეველი ამოცანა არ არის, რადგან არსებობს კონკრეტული წესები”, – აღნიშნა თურნავამ.

მისვე თქმით, როგორც კი მთავრობა დარწმუნდება ამაში, მთავრობა სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული კომპანიებისთვის საქმიანობის ნებართვასთან დაკავშირებით.

თურნავამ ასევე ისაუბრა იმ პროცედურებზე, რაც ამ კომპანიებმა უნდა გაიარონ იმისთვის, რომ საქმიანობის უფლება მიეცეთ:

“არის რამდენიმე უწყება, რომელიც ჩართულია გადამოწმების პროცესში. საუბარია ჯანდაცვის სამინისტროზე, რადგან მათი დაწესებული “გაიდლაინებია” და მათ ჰყავთ შრომის ინსპექცია. ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან  ტექზედამხედველობის ინსპექცია იქნება ჩართული. ასევე ჩართულები იქნებიან მუნიციპალიტეტები, რადგან მათაც ჰყავთ შემმოწმებელი ორგანოები. ჩვენ ყველა ეს სტრუქტურა დროებით გავაერთიანეთ იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად აღდგეს ბიზნესსაქმიანობა”, – აღნიშნა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ნებისმიერმა კომპანიამ, მათ შორის. მიტანის სერვისის განმხორციელებელმა კომპანიამ, რომლებსაც სურთ მომხმარებლამდე პროდუქციის მიტანა, უნდა მიმართოს სახელმწიფო უწყებებს და დაასაბუთოს, რომ იცავს კორონავირუსის გავრცელებისგან დასაცავ წესებს. სახელმწიფო უწყებები შეამოწმებენ ამ კომპანიებს და მათ ნებართვაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ სამთავრობო ცხელ ხაზს ნომერზე 144


2020 წლის 30 მარტს გამოცემული 204-ე დადგენილებით, საქართველოში გამკაცრდა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომები. მთავრობის ამ დადგენილებაში ჩამოთვლილია ის საწარმოები და ობიექტები, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის დროს გამონაკლისის სახით შეუძლიათ მუშაობა.

დასაშვებ საქმიანობებს შორის გაყიდვის სერვისებიდან მითითებული იყო მხოლოდ საკვების მიტანის სერვისი, რის გამოც არაერთმა კომპანიამ, მათ შორის, ტექნიკის მსხვილმა კომპანიებმა, განაცხადა, რომ პროდუქციის მიტანის შეჩერება მოუწიათ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პირველ აპრილს განაცხადა, რომ ყველა ის კომპანია, რომელიც დაიცავს თანამშრომლების უსაფრთხოების და Covid-19-თან ბრძოლასთან დაკავშირებით დაწესებულ მოთხოვნებს, უახლოეს დღეებში მიიღებს ონლაინ-გაყიდვის გაგრძელების ნებართვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი