ახალი ამბები

მსუბუქი მიმდინარეობის კოვიდ-ინფიცირებულები მკურნალობას სახლში გაივლიან – ტიკარაძე

2 აპრილი, 2020 • 1680
მსუბუქი მიმდინარეობის კოვიდ-ინფიცირებულები მკურნალობას სახლში გაივლიან – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ კორონავირუსის მსუბუქი ფორმები, სახლში განაგრძობენ მკურნალობას. ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

“კომუნიკაციის პირველი დღიდან, ვგულისხმობ იანვარს, როდესაც ზოგადად კოვიდი დაფიქსირდა, ჩინელმა ექიმებმა მოგვაწოდეს სტატისტიკა, რომ ძირითადი შემთხვევები მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომით და ეს ყოველივე წარმოადგენს დაავადებულთა 80%-ს. სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ მსუბუქი მიმდინარეობა, ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას გაივლიან სახლში.

მათი პირველადი კომუნიკაცია, მოხდება სატელოფონო ზარით და დღეს ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება, რომ 112-ზე მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების ზარები და, შესაბამისად, დავგეგმოთ მათთან შემდგომი ტაქტიკა, რაშიც ვგულისხმობ შემდეგს, რომ თუ ადამიანს უფიქსირდება გარკვეული სიმპტომი, ექიმი-სპეციალისტი აძლევს მას რეკომენდაციას, რომ დაყოვნდეს სახლში და ანამნეზის ზუსტი აკრეფის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, უნდა მოხდეს ამ პაციენტის სტაციონარში გადაყვანა, თუ შემდგომი მონიტორინგი ბინაზე. ეს არის ის ძირითადი სქემა, რითიც ჩვენ ვაპირებთ მოქმედებას, ხოლო სიმპტომების გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაბამისი აღჭურვილობით და ტრანსპორტით პაციენტი გადაყვანილი იქნება ჰოსპიტალში, რაც მოხდება ექიმთან კონსულტაციის და კოორდინაციის შემდეგ”, – განაცხადა ტიკარაძემ.

პირველადი ჯანდაცვა COVID-19-ის წინააღმდეგ – სამინისტროს გეგმა

საქართველოში 2 აპრილის 13:40 საათის მონაცემებით დაფიქსირებულია კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26 პაციენტი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარსი მეთვალყურეობის ქვეშ 281 პირია მოთავსებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი