ახალი ამბები

ალასანია: გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა არის უკანონობა და უსამართლობა

16 სექტემბერი, 2015 • 1081
ალასანია: გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა არის უკანონობა და უსამართლობა

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გიგი უგულავას სასამართლო პროცესზე შეკითხვები გაუჩნდათ არა მხოლოდ ოპოზიციურ ძალებს. მისი თქმით, ეს საქმე ქვეყნის იმიჯსა და დემოკრატიულობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.


“უგულავას პროცესზე შეკითხვები ყველას გაგვიჩნდა. არა მარტო ჩვენ, ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს. საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი პარტნიორებიც სვამენ შეკითხვებს ამ წინასწარი პატიმრობის თემაზე, რომელიც ჩემი გადმოსახედიდან, როგორც იურისტისთვის, პირდაპირ შედის წინააღმდეგობაში ჩვენს კონსტიტუციასთან. ბუნებრივია, ეს არის უკანონობა და უსამართლობა. გიგი უგულავას მიმართ ისევე უნდა მოქმედებდეს კანონი, როგორც ნებისმიერი მოქალაქის მიმართ, ამიტომ ეს არის კიდევ ერთ საკითხი, რომელიც, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის იმიჯს და დემოკრატიულობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ეს არის ერთ–ერთი თემა, რომელიც, რა თქმა უნდა, აღელვებს ყველას, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ისე საერთაშორისო თანამეგობრობას,” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.


საკონსტიტუციო სასამართლომ უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებასთან დაკავშირებით განმარტება დღეს, 16 სექტემბერს, გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლომ მოსამართლე მერაბ ტურავას შესთავაზა, გადაწყვეტილებაზე ხელი მოეწერა მისთვის სასურველ დროსა და ადგილას, რაზეც მან უარი განაცხადა. საკონსტიტუციო სასამართლო დამატებითი განცხადების გაკეთებას მოგვინაებით კიდევ გეგმავს.


”მას შემდეგ, რაც მოსამართლე მერაბ ტურავა არ გამოცხადდა დღის პირველ საათზე პლენუმის სხდომაზე, სადაც გადაწყვეტილების ხელმოწერის პროცედურა უნდა განხორციელებულიყო, სასამართლოს მხრიდან არაერთგზის იქნა შეთავაზებული, რომ მას შეეძლო ხელი მოეწერა მისთვის სასურველ დროსა და ადგილას. აღნიშნულ შეთავაზებაზე მან უარი განაცხადა, ურთიერთგამომრიცხავი მიზეზები დაასახელა მის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ შეძლებდა სასამართლოში მოსვლას. ამავე დროს იგი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა, რომ უნარიანი იყო, ხელი მოეწერა გადაწყვეტილებაზე,” – ნათქვამია განცხადებაში.


სასამართლოს განცხადებით, დაახლოებით 16:30 საათზე მასთან დაკავშირირება ვერ მოხერხდა. მისი ოჯახის წევრის განცხადებით, ამ დროს უკვე კლინიკაში იმყოფებოდა და შეუძლებელი იყო მასთან კომუნიკაცია.


საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიიჩნევს განმეორებით მისცეს შესაძლებლობა მოსამართლე მერაბ ტურავას, რომ შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება. ამ მიზნით ა.წ. 16 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლო გეგმავს მოსამართლე მერაბ ტურავას გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის შესაძლებლობა მისცეს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით.


შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა 2014 წლის 3 ივლისს დააკავეს და ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია

მასალების გადაბეჭდვის წესი